0 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ოჯახში ვიხუმრეთ კიდეც, ჩვენს საკუთარ სახსრებს რომ არ ვხარჯავდეთ და სხვის ფულს ვმართავდეთ, დიდ შარში გავეხვეოდითო"

 Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში  პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მის მირ განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა, სადაც აღნიშნა:

იქნებ უფრო დეტალურად მოგვითხროთ, თუნდაც ერთი პროექტის მაგალითზე, რა სპეციფიური ამოცანები დგას ტურიზმის განვითარების ფონდის წინაშე?

კი ბატონო. ავიღოთ, თუნდაც, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“. თუ მას განყენებულად, ცალკე ბიზნესპროექტად განვიხილავთ და ზემოხსენებული უნივერსალური კრიტერიუმებით შევაფასებთ, პროექტი აპრიორი წამგებიანია. ამ სფეროს სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ სასტუმრო ბიზნესში ინვესტიციის ოდენობა ერთ ნომერზე გახარჯული თანხით იანგარიშება. ანუ მთლიანი ინვესტიცია იყოფა ნომრების რაოდენობაზე. უმაღლესი კლასის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში, ეს დანახარჯი, ერთ ნომერზე 200-250 ათას დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ობიექტი ვერასდროს გავიდეს მოგებაზე. „პარაგრაფში“ სულ 240 ნომერია, ხოლო ინვესტიციის ოდენობამ უკვე  120 მილიონ დოლარს გადააჭარბა და კიდევ გრძელდება. ელემენტარული არითმეტიკა ცხადყოფს, რომ ერთ ნომერზე გახარჯული თანხა ორმაგად აჭარბებს დადგენილ კრიტერიუმს და 500 ათას დოლარს გაცდა. შესაბამისად, „პარაგრაფის“ საბაზრო ფასი მასში ჩადებული ინვესტიციის ნახევარი, ანუ 60 მილიონი დოლარია და შესაძლოა, ამ ფასადაც ვერ გაიყიდოს. ოჯახში ვიხუმრეთ კიდეც, ჩვენს საკუთარ სახსრებს რომ არ ვხარჯავდეთ და სხვის ფულს ვმართავდეთ, დიდ შარში გავეხვეოდითო. პროექტი გააძვირა იმ არაორდინარულმა ექსკლუზივებმა, რომელსაც „პარაგრაფი“ სთავაზობს და მომავალში შესთავაზებს დამსვენებლებს და რომლებშიც ჩვეულებრივი ინვესტორი ფულს არ ჩადებდა. მაშინ რატომ ვაკეთებთ ჩვენ? ამ კითხვაზე რომ შინაარსიანად ვუპასუხოთ, ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ. იმისათვის, რომ ჩვენი ზღვისპირეთი კონკურენტუნარიანი გახდეს, გადასაჭრელია ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანა – ტურისტული სეზონი არ უნდა შემოიფარგლოს ზაფხულის თვეებით (სასურველია 5-6 თვეს მიაღწიოს) და მიმზიდველი გახდეს მაღალი მხარჯველობითუნარიანი ტურისტებისთვის. ამ ორი მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ტურისტებს შევთავაზებთ უმაღლესი კლასის, ექსკლუზიურ სერვისებს სასტუმროს შიგნით და მრავალფეროვან, კარგად განვითარებულ გასართობ და საექსკურსიო ინფრასტრუქტურას სასტუმროს გარეთ. ისეთს და ისეთი ხარისხის, როგორსაც ვერ თავაზობენ რეგიონალური კონკურენტები. ამიტომ გადააჭარბა ორმაგად „პარაგრაფში“ ჩადებულმა ინვესტიციამ დადგენილ კრიტერიუმს. ზამთრის ბაღი, გრანდიოზული აკვარიუმი, ხელოვნურად გამთბარი ზღვის წყლის დიდი აუზი, მშენებარე სოლარიუმი და სხვა ექსკლუზივები, რომლებიც უკვე აქვს ან დაგეგმილია და აუცილებლად დაემატება „პარაგრაფს“, სწორედ იმ მიზნით კეთდება, რომ სეზონი გახანგრძლივდეს და სხვაგან არ გავუშვათ პოტენციური ტურისტი. ამ ფარგლებში ვფიქრობთ მაღალი ხარისხის სპორტკომპლექსის მშენებლობაზეც „პარაგრაფსა“ და ბლექსი არენას შორის ტერიტორიაზე, რათა შევძლოთ უცხო ქვეყნების ეროვნული ნაკრებებისა და კლუბების  ზამთრის „შეკრებების“ მასპინძლობა. ზოგადად, მაღალი გადამხდელუნარიანობის ტურისტს, რომელიც, ორჯერ და სამჯერ მეტ ფულს დახარჯავს ქვეყანაში (და არა მხოლოდ სასტუმროში), რაც კარგი სტიმულია მთლიანი ეკონომიკისთვის, ძირითადად ხარისხი და სახელი იზიდავს და „პარაგრაფმა“ ამ მხრივაც მიაღწია წარმატებას. მოგეხსენებათ, რომ წელს, „პარაგრაფი“ მსოფლიოში უდიდესი ბრენდის „მარიოტის“ სასტუმროთა შორის ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ზღვისპირეთის კონკურენტუნარიანობა და მიმზიდველობა. შესაბამისად, რომ შევაჯამოთ, ჩვენი ინვესტიციები ამ მიმართულებით გათვლილია ტურიზმის სფეროში ხარისხიანი ინფრასტრუქტურის და ზოგადად რეგიონის განვითარებისთვის და არა ორდინარული ბიზნეს ამოცანის – სწრაფი და, შეძლებისდაგვარად, დიდი მოგების მისაღწევად, რაც ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა ნებისმიერი სხვა ინვესტორისთვის, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ოჯახს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ფართო ჭრილში დაინახოს გარკვეული პრობლემები და აქვს სურვილი, დაეხმაროს ქვეყანას მათ გადაჭრაში, თავს უფლებას ვაძლევთ ამოცანები ამ ჭრილში დავინახოთ და დავგეგმოთ. ანალოგიური მოდელია ჩადებული აბასთუმნის და წყალტუბოს განვითარების პროექტებშიც. რაც შეეხება განმუხურს, კარგია რომ გაიხსენეთ, ვფიქრობ, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ დაგეგმილი ამ პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და რომ ამ პროექტს ბიზნესთან შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს შეხება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები