0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სუსი ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებას აფასებს

მსგავსი პროვოკაციული განცხადებები წარმოადგენს იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათ მიერვე ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ე.წ. საზღვრის მონაკვეთზე მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებენ.

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასახლებული პუნქტის სიახლოვეს ქართველი პოლიციელების ყოფნა და ბლოკპოსტის დადგმა არსებითად ზრდის სამხედრო საშიშროების რისკებს, რასაც შესაძლოა, ღია შეიარაღებული შეტაკება მოჰყვეს შედეგად.

როგორც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. კა-გე-ბეში აცხადებენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ქართველი აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს, რის გამოც მათ რაიონში შექმნილი სიტუაციის ობიექტური შეფასების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

„ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა ადგილზე უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება. პერმანენტულ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები