მსოფლიო
დოლიძე: "ხელისუფლების წყარო არის ხალხი, თუ ოხანაშვილს კონსტიტუცია არ ახსოვს, გადაიმეოროს"
2019-10-22 14:35:07
ხელისუფლების წყარო არის ხალხი, თუ ოხანაშვილს კონსტიტუცია არ ახსოვს, გადაიმეოროს - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მისი არდაშვების საკითხს ეხებოდა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, მას პარლამენტში შესასვლელად საშვი ჰქონდა, შესაბამისად სხდომაზე დასასწრებად წინასწარი მიმართვა საჭირო არ უნდა ყოფილიყო.
“მე და ერთ-ერთი მოქალაქე მოვედით, რათა კომიტეტის სხდომაზე შევსულიყავით, სადაც არაერთხელ ვყოფილვარ. სამწუხაროდ, კომიტეტმა და აპარატმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სხდომაზე არ დავეშვი. სხდომაზე, სავარაუდოდ, იმის გამო არ დამიშვეს, რომ გიორგი მიქაუტაძეს დისკომფორტი არ შექმნოდა, რომელიც ახლა აკვარიუმში ჰყავთ და მაქსიმალურად უვლიან. დარბაზი სავსეა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლებით. ამ ტაქტიკის მიზანია, დარბაზში ის ადამიანები არ მოხვდნენ, რომელთაც იურიდიული კომიტეტი და არჩილ თალაკვაძე ვერ აკონტროლებენ. დარბაზში ჩასმული ჰყავთ თავიანთი ხალხი, რადგან არაკონტროლირებადი ადამიანები არ დაუშვან და მათ არაკომფორტული კითხვები არ დასვან. მათი მიზანია, დარბაზში ისეთი ხალხი არ შეუშვან, ვინც მათ ფავორიტ გიორგი მიქაუტაძეს დისკომფორტს შეუქმნის”, – განაცხადა დოლიძე.
დოლიძემ მედიას იმ კითხვების შინაარსი გააცნო, რომლის დასმასაც გიორგი მიქაუტაძისთვის აპირებდა.
„ჩემი კითხვები ეხება – დღესაც თვლის თუ არა გიორგი მიქაუტაძე, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ვანო ზარდიაშვილია? მისთვის რამდენად არის ავტორიტეტი მიხეილ ჩინჩალაძე? როგორ გრძნობს თავს, რომ თან კონკურსს ატარებდა და თან კონკურსანტი იყო? ასევე, რაიმე ახალი ხომ არ არის იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტია?”, – განაცხადა დოლიძემ.
კომენტარები