საზოგადოება
გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა
2019-10-21 21:40:10
„გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების თქმით, მოსახლეობას გაზმომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგება: “გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას კომპანია NCC-მ საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა. შედეგად 350 აბონენტს ავარიულად შეუწყდა გაზმომარაგება. შემთხვევის ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა გაზმომარაგების ონკანები. უსაფრთხოების მიზნით შემოწმდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები. შემოწმებისას დადგინდა, რომ, სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო ვენტილაციის არხებით გაზი კაზინო „ბეთლაივში“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“ შევიდა. საპატრულო პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა და შენობები გაანიავა. ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სარემონტო სამუშაოები მისი დასრულებისთანავე დაიწყება. კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტისთვის. გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება“ , - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები