მსოფლიო
საოჯახო ბიზნესი "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის, ადგილობრივები და ყოფილი დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
2019-10-13 23:52:06
სახელმწიფო მიწების გადაფორმება - საოჯახო ბიზნესი "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის - ონის მოსახლეობა საკრებულოს წევრს მმართველი პარტიიდან და მასთან დაახლოებულ რამდენიმე პირს, მძიმე ბრალდებებს უყენებს.
მათი ინფორმაციით, ცრუ მოწმეების ჯგუფის და საკუთარი კავშირების დახმარებით, დეპუტატი მიწების მითვისებას ახერხებს, შემდეგ კი უსასყიდლოდ მიღებულ ტერიტორიებს ყიდის.ბოლო 3 წლის განმავლობაში დასახელებულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს საჯარო რეესტრში ათასობით კვადრატული მეტრი აქვთ დარეგისტრირებული. როგორც სოფელში ყვებიან, მიწების გამო ხშირია ქუჩის გარჩევები, დაშინება და ფიზიკური დაპირისპირება იმ პირებთან, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებს წინააღმდეგობას უწევენ. საქმეს პოლიციაც იძიებს. სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის ფაქტზე აღიძრა.
გარდა ამისა, მერის წარმომადგენელი, ონის რაიონის სოფელ გლოლაში გასული კვირის ცემის ფაქტს იხსენებს. ემზარ გიორგაშვილი ამ ტერიტორიაზე საქმის გასარჩევად მიიყვანეს და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ცემაში მონაწილე 8 კაციდან ერთ-ერთი მისი წინამორბედი, სოფლის ყოფილი რწმუნებული ირაკლი ბიჭაშვილი იყო. საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით უკვე დაწყებულია, გამოძიება რეაგირებისთვის ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.
ურთიერთობა ყოფილ და მოქმედ რწმუნებულებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირაკლი ბიჭაშვილმა, ემზარ გიორგაშვილს 11 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობის დამტკიცება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. სოფლის მოქმედი რწმუნებულის გარდა ბიჭაშვილთან პრეტენზიები აქვთ ადგილობრივებსაც. გლოლაში ყვებიან, რომ მან თანამდებობაზე ყოფნის დროს სოფლის საძოვრები ჯერ დაიკანონა, შემდეგ კი გაყიდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მიწის გადაფორმება ხშირად არაკეთილსინდისიერი გზით ხდება, რადგან სოფელში მამაპაპისეული მიწის ნაკვეთების დაკანონება ადგილობრივებისთვის შეუძლებელია.
ირაკლი ბიჭაშვილის გარდა, ადგილობრივებს პრეტენზიები აქვთ ყოფილ დეპუტატთან. დავით ბიჭაშვილის მტკიცებით სოფელ გლოლაში არსებობს დაჯგუფება, რომლის წევრებიც მათთვის სასურველ მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად ცრუ მოწმეებს იშველიებენ და ჯგუფურად თაღლითური გზით მიწებს იკანონებენ. ადგილობრივების თქმით, "კლანს“ გოგი ბიჭაშვილი მართავს, გოგი ბიჭაშვილი 112 ის ყოფილი უფროსის ირაკლი ბიჭაშვილის მამაა. როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, მამა სწორედ შვილის გავლენებით სარგებლობს და ათასობით კვადრატულ მეტრს ისაკუთრებს.
ადგილობრივებმა პრობლემების მოსაგვარებლად რაჭის გუბერნატორსა და ონის მერს მიმართეს. მათ ე.წ. კლანური დაჯგუფების შესახებ უამბეს და კანონის გამკაცრება მოითხოვეს. სოფლის მოსახლების განცხადების საფუძველზე ონის პოლიციამ გამოძიება 180-ე მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობას გულისხმობს.
მიწის ნაკვეთების შესაძლო უკანონო გადაფორმების საქმეზე 40-მდე პირი უკვე დაიკითხა, პოლიციაში გამოკითხვის პროცესი გრძელდება.
სოფლის ცენტრში მოსახლეობა "კურიერის" გადამღები ჯგუფის ჩასვლის შემდეგ შეიკრიბა, ადგილზე ვითარება მალევე, გოგი ბიჭაშვილის მოსვლის შემდეგ დაიძაბა.
გოგი ბიჭაშვილი და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
გოგი ბიჭაშვილს ადგილობრივები სხარას ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალისა და ტურბაზის ტერიტორიას ედავებიან. ეს ორი მიწის ფართობი ჯამში 6 ჰექტარს შეადგენს, რომლის დოკუმენტებიც ბიჭაშვილმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფს გააცნო, მაგრამ მას არ უთქვამს, რატომ შემოღობა ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა და უნებართვოდ ბოქლომი დაადო. ასევე არ უსაუბრია საჯარო რეესტრს ამონაწერზე, რომლის მიხედვითაც მის სახელზე ორი მიწის ნაკვეთი, სულ კი 1972 კვადრატული მეტრია რეგისტრირებული.
საჯარო რეესტრის მიხედვით მისი შვილი, გიორგი ბიჭაშვილი სოფელ გლოლაში 5 მიწის ნაკვეთს ფლობს, რომლის ჯამური ფართობი 3 ათას 882 ჰექტარია. დეკლარაციაში 112-ის ყოფილ დირექტორს მითითებული არ აქვს კურორტი შოვის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 7 ათას 651 კვადრატული მეტრია.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მიწებს ყველაზე ხშირად იფორმებს და ყიდის სოფლის ყოფილი რწმუნებული. შეგროვებული დოკუმენტებით, ირაკლი ბიჭაშვილმა ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის მიწის ფართობი გაყიდა, დღეს კი მის საკუთრებაში 8 მიწის ნაკვეთია, რომელიც 6 ათას 21 კვადრატული მეტრია.
ონის მერიაში პრობლემებს კანონის გაუმართაობას აბრალებენ. ამბობენ, რომ მიწების გასხვისება ბოლო პერიოდში უფრო მკაცრად კონტროლდება. მერის მოადგილე, ყოფილი და მოქმედი რწმუნებულების შერიგებაზეც საუბრობს.
ონის პოლიცია ცდილობს დაადგინოს ვინ ჩაიდინა ეკონომიკური დანაშაული. გამოძიების დასრულებამდე და კანონის გამკაცრებამდე, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს აზომვითი ნახაზითა და ხუთი მოწმით ონის მერიას მიაკითხოს და მისთვის სასურველი მიწის ნაკვეთი დაიკანონოს.
კომენტარები