პოლიტიკა
7 მილიონიდან 20 მილიონამდე - მთავრობა PR სამსახურების თანამშრომლების ხელფასებში კოლოსალურ თანხებს ხარჯავს
2019-10-11 12:45:05
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებების პიარსამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურების საკითხის კვლევა ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა 2013 წელს მთავრობა პიარ სამსახურებში 7 მილიონ ლარს ხარჯავდა, ახლა კი 20 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავენ.
ორგანიზაციის განცხადება:
საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს - 1037.2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც, 10%-მდე ზრდას წარმოადგენს.
2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში, 18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი - 20 047 896 ლარი.2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა.მთავრობის ადმინისტრაციამ პიარსამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის და მათი ანაზღაურების შესახებ ორჯერ განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა. მოგვიანებით განმარტეს, რომ მონაცემები შეეშალათ, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია, მოთხოვნის მიუხედავად, აღარ მოგვცეს.
ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს.
პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
კომენტარები