0 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნიკა მელია - ხვალიდან, მიუხედავად იმისა, მომხსნიან თუ არა სამაჯურს, აღარ ვაპირებ საკუთარი თავის შეზღუდვას

ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, მომხსნიან თუ არა სამაჯურს, აღარ ვაპირებ საკუთარი თავის შეზღუდვას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურ საქმიანობას განახორციელებს ისევე, როგორც შეზღუდვის დაწესებამდე. კერძოდ, როგორც მელიამ განაცხადა, დაესწრება ნებისმიერ ღონისძიებას, საპარლამენტო სხდომებს, საკომიტეტო მოსმენებს, ასევე შეხვდება ამომრჩევლებს.

ამასთან, როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო.

„მე არც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოვსულვარ, მოვედი უბრალოდ ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის კერძო უწყებაში, სადაც მუშაობენ მის მიერ დაქირავებული ადამიანები, არა მხოლოდ მურუსიძე, ჩინძალაძეები და ასე შემდეგ. საზოგადოება უკანასკნელი დღეების განმავლობაში თვალყურს ადევნებს, რა კონტინგენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს მოსამართლეებად, რომლებსაც უპირებს უვადოდ დანიშვნას. ამიტომ საუბარი, რომ წარვადგენთ მტკიცებულებას იმაზე, რომ არაფრის სიაში არ ვარ და ეს ბრალეულობა არის უბრალოდ მოგონილი, არის უადგილო და სასაცილო. დარწმუნებული ვარ, შემდეგში ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება, ვინაიდან დევნის ყველას, ვინც არის მის ოპოზიციაში. იგი დევნის არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებსაც.

ვიდრე ვსაუბრობ, უკვე არაერთი პროცესი მიმდინარეობს წმინდა წყლის პოლიტიკურად მოტივირებული. ამიტომ რა თქმა უნდა, გვინდა არ გვინდა ფორმალურად უნდა მოვიდე, დავესწრო სხდომას ჩემი სამაჯურით, თუმცა ამასობაში, ვიდრე ეს პროცესი დამთავრდება და ეს ვერ დამთავრდება ერთ და ორ თვეში, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში, თავად მიხვდება, რომ მან წაგებული თამაშის გათამაშებები დაიწყო და ცდილობს, თავისი მილიარდებით და ბერკეტებით, რომელსაც ფლობს, ყველას კისერი მოუგრიხოს. ეს ყველა არის აბსოლუტური უმრავლესობა, ერთ-ერთი ვარ მე. ამიტომ პოლიტიკურ კისერს მოიტეხს თავად ივანიშვილი და არა აბსოლუტური უმრავლესობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კითხვაზე, გადაისინჯება თუ არა აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი შუამდგომლობას დააყენებს სამაჯურის მოხსნასთან დაკავშირებით.

„დარწმუნებული ვარ, შეიძლება, ეს შუამდგომლობა საერთოდ არც გაითვალისწინონ. როგორც შევალ სამაჯურით, ისე გამოვალ. მიუხედავად იმისა, ხვალიდან მომხსნიან თუ არა სამაჯურს, აღარ ვაპირებ საკუთარი თავის შეზღუდვას. ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას განვახორციელებ ისევე, როგორც შეზღუდვის დაწესებამდე ვახორციელებდი, რადგან ეს არის არაკონსტიტუციური, ერთი ადამიანის ხუშტურებზე დაფუძნებული. ხვალინდელი დღიდან ვაპირებ, შევასრულო ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომლის შესრულებაც არა თუ შემიძლია, არამედ ვალდებულიც ვარ. ხვალიდან წავალ, დავესწრები ნებისმიერ ღონისძიებას, შევხვდები ამომრჩეველს, დავესწრები საპარლამენტო სხდომებს, საკომიტეტო მოსმენებს.

ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ივანიშვილის მხრიდან ოპონენტის მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარების სახით იქნება კონტრპროდუქტიული პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის. ივანიშვილმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ იგი უახლოვდება ფინალს, რომელიც რამდენად მწვავე და მტკივნეული იქნება, ამას თავად ივანიშვილი განსაზღვრავს. პროკურატურას ნამდვილად არ შევატყობინებ, მე ხვალ ვარკეთილში წავალ მოსახლეობასთან შესახვედრად, თუ ჩავალ გორში რაიმე სახის პოლიტიკური საქმიანობის გასაწევად. პროკურატურა რას გააკეთებს, ივანიშვილის გადასაწყვეტია. არ ვაპირებ ამ აბსურდის თეატრში მონაწილეობას იმდაგვარად, თითქოს მე მართლაც ბრალდებული ვარ და თითქოს რაიმე სახის მტკიცებულებები აქვთ, სამაჯური, რომელიც დამადეს, ის შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს, რომ მიტინგზე სიტყვით ვერ გამოვიდე, ჩამომართვეს პირადობის მოწმობა, უამრავი სხვა შეზღუდვა ჩაბარდება წარსულს ჩემის მხრიდან. აღარ ვაპირებ სახლში ჯდომას. ვაპირებ ისევ ბრძოლას, როგორც აქამდე ვიბრძოდი ამ მართლაც ჭირის წინააღმდეგ, რომელსაც განასახიერებს ივანიშვილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები