მსოფლიო
,,2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი"
2019-09-30 15:02:56
2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტი განიხილება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საფინანსო დოკუმენტში ასახულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელსაც ეყრდნობა მმართველი პოლიტიკური გუნდი. გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ამ ბიუჯეტის ეფექტიან შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის განვითარება 2020 წელს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი მოქალაქეების საჭიროებებზეა დაყრდნობილი და ის ითვალისწინებს საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ ინტერესებს.
„გათვალისწინებულია მათ შორის იმ ჯგუფების ინტერესები, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ესენი არიან ბავშვები. რა თქმა უნდა, ასევე არიან ჩვენი პენსიონერები ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზეც ზრუნვის უდიდესი ვალდებულება გვაქვს. ასევე რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებლებზე, ექიმებზე, სამართალდამცველებზე და ჯარისკაცებზე. სწორედ ამიტომ, ამ ბიუჯეტის ძირითადი პრინციპი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები და ჩვენ ვთვლით, რომ ეს ის სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ატაროს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტზე მუშაობა დღევანდელი საბოლოო განხილვით დასრულდება და პარლამენტს წარედგინება.
კომენტარები