მსოფლიო
ეკა ბესელია პროკურატურაში დაიბარეს
2019-09-25 13:14:59
პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებზე.
"საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.
დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება.
ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ შეატყობინებს.
შესაბამისად, ამ ეტაპზე, საქართველოს პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, პარლამენტის წევრისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა პირების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შესაძლო ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კომენტარები