საზოგადოება
20-მდე სკოლაში შესაძლოა, სწავლის დაწყება 2 კვირით გადაიდოს - გაკვეთილები შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება
2019-09-11 13:06:26
საქართველოს 20-მდე საჯარო სკოლაში შესაძლოა, სწავლის დაწყების თარიღმა ორი კვირით გადაიწიოს. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება განმარტავს, რომ ამის მიზეზი სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
„16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა, ორი კვირით მხოლოდ გადაიწიოს. ასეთ სკოლებში გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით, შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.
აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით საბოლოო სია, რომელ სკოლებში გადაიდება სწავლის დაწყება, არ მოუმზადებიათ და ის უახლოეს პერიოდში სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთება.
კომენტარები