პოლიტიკა
"გლდანის მე-6 მიკრორაიონში ახლად გახსნილი პარკი ვანდალური ქმედებების შედეგად დაზიანებულია, ამას არ შევეგუებით და თავს არ დავუხრით"- კალაძის ბრიფინგი
2019-09-04 12:57:31
დაახლოებით ერთი თვის წინ, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში საზეიმოდ გახსნილი პარკი ვანდალური ქმედებების შედეგად დაზიანებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ 3 ჰექტარზე, სხვადასხვა ზონებად დაყოფილი განათებული და გამწვანებული პარკი მოაწყო, თუმცა ის უკვე დაზიანებულია.
„ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები, რომ იქ მოეწყობოდა სივრცე ახალი ხე-მცენარეებით. სპეციალურად ბავშვებისთვის რამდენიმე ახალი სივრცეა მოწყობილი, როგორც საკალათბურთო მოედანი, ისე სკეიტბორდისთვის და ველოსიპედებისთვის, ასევე, სათამაშო გასართობი ატრაქციონები პატარებისთვის, სპეციალური ზონა ცხოველებისთვის, ველობილიკები. სივრცე არის განათებული და გამწვანებული. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს ვანდალიზმის ფაქტები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნული დაზიანებების ამსახველი ფოტომასალაც წარმოადგინა.
„გული მწყდება, რადგან, ის, რაც კეთდება, კეთდება ისევ და ისევ თქვენი ფულით. თქვენი გადასახადებიდან იხარჯება თანხები იმისთვის, რომ ქალაქში, ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ისეთივე მიდგომა და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქალაქთან მიმართებაში, როგორც საკუთარ სახლთან. ვერ წარმომიდგენია, რომ ის ადამიანები, ვინც ამას აზიანებს, საკუთარ სახლშიც იგივენაირად იქცეოდეს და ავეჯს ამტვრევდეს. ეს საზოგადოებრივი სივრცეები, პარკები, სკვერები ხომ კეთდება იმისთვის, რომ ადამიანს ესიამოვნოს იქ ჩასვლა, ბავშვის ჩაყვანა, დაისვენოს კომფორტულ გარემოში. თუ ეს დავამტვრიეთ და დავაზიანეთ, რა აზრი აქვს საერთოდ ასეთი პროექტების განხორციელებას. ჩვენ ნამდვილად არ შევეგუებით ვანდალიზმს და თავს არ დავუხრით“, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ უსაფრთხოების სამსახურს და მუნიციპალურ ინსპექციას ზომების მაქსიმალურად გამკაცრება, ამასთან კამერებისა და დამატებითი თანამშრომლების გამოყოფა დაავალა, რომლებიც დროებით პატრულირებას განახორციელებენ.
„ვფიქრობ, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა დაგვეხმაროს. ეს მათი საკუთრებაა, მათი თხოვნით გაკეთდა ეს პროექტი, ყველა ბედნიერი იყო და ყველა ვამაყობდით. თუ დავანგრიეთ და დავამტვრიეთ, საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ. მაგალითად, ხე-მცენარეები დავრგეთ და მათ ირგვლივ წითელი მულჩი იყო მოყრილი, ის მოიპარეს და წაიღეს. საოცრებები ხდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა გვერდით დაგვიდგება. ეს არ ეხება მხოლოდ გლდანის მეექვსე მიკრორაიონის პარკს. გვაქვს სხვადასხვა შემთხვევები და ვფიქრობ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ყველამ უნდა მოვუაროთ ჩვენს ქალაქს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კომენტარები