0 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე შეიწყალა

პრეზიდენტის მიერ დღეს, 28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ინფორმაცია რამაზ დევაძის ციხიდან გათავისუფლების შესახებ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ დაგვიდასტურა.

საუბარია 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში“ 22 წლის პოლიციელის მკვლელობაზე. მკვლელობის ღამეს პოლიციელი კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა მას თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლით დაიღუპა.

„რამაზ დევაძე გუშინ გამოვიდა ციხიდან, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარი არ სურს მედიასთან…

რეალურად, რამაზ დევაძეს განზრახ არ მოუკლავს მუკბანიანი. ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობა და მისთვის მხოლოდ სამი წელი უნდა მიესაჯათ, როგორც გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული. არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება ღამის კლუბის ვიდეო კამერის ჩანაწერებს, სადაც ეს ნათლად ჩანს – კლუბში თავდაპირველად სროლა პოლიციელმა დაიწყო. რამაზმა მისთვის იარაღის წართმევა შეძლო და ტყვიის ამოღების დროს მოხდა შემთხვევითი გასროლა,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

„ბათუმელები“ ღამის კლუბში პოლიციელის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვებს აშუქებდა. სასამართლო პროცესზე გამოქვეყნებულ ვიდეო ჩანაწერში ჩანდა, რომ ღამის კლუბის მეორე სართულზე, კიბის უჯრედთან ახლოს მყოფი თარაშ მუკბანიანი ძალიან მთვრალი იყო და ცეკვავდა გოგოსთან ერთად. ამ დროს რამდენიმე კაცმა გაიარა ზუსტად იმ სივრცეში, სადაც თარაშ მუკბანიანი ცეკვავდა. ეს მოძრაობა თანდათან გადაიზარდა ჩოჩქოლში და შეხლა-შემოხლაში. სწორედ ამ დროს ჩნდება პირველად თარაშ მუკბანიანის ხელში იარაღი…

კადრში ასევე ჩანდა, რომ თარაშ მუკბანიანი იარაღს ადამიანებს უმიზნებდა. ცოტა ხანში კი რამაზ დევაძეს ის ზურგიდან ჰყავდა შებოჭილი და საფეხურებით პირველ სართუზე ჩაჰყავდა. ამ დროს პოლიციელს იარაღიანი ხელი ისევ თავისუფალი ჰქონდა…

პროკურატურა მაშინ აცხადებდა, რომ კლუბში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, როცა ამ საქმისთვის კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა – ბესიკ მამულაძე კლუბში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქე ფირუზა ა.-ს და უზბეკეთის მოქალაქე ილაჰიმ მ.-ს აიძულებდა სექსუალურ მომსახურებას. ამ დროს მათთან მივიდა პოლიციელი თარაშ მუკბანიანი და სთხოვა თავი დაენებებინა ქალებისთვის. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბესიკ მამულაძე ამან გააღიზიანა და დაიწყო გინება. ამ დროს საქმეში ჩაერია მასთან ერთად მყოფი მოჭიდავე რამაზ დევაძე და ორივე 5-6 წუთის განმავლობაში სცემდა აწ უკვე გარდაცვლილს. შემდეგ კი რამაზ დევაძემ მას წაართვა პოლიციელზე რიცხული ტაბელური იარაღი და ერთჯერადად გაისროლა. თარაშ მუკბანიანს ტყვია მოხვდა თავის არეში და ადგილზე გარდაიცვალა.

„მკვლელობის მოტივაცია რამაზ დევაძეს არ ჰქონია. მოტივაციის გარეშე კი მკვლელობა არ არსებობს… სასამართლომ ამ სიმართლის დანახვაზე უარი თქვა, რადგან პოლიციელი იყო მოკლული,“ – დასძენს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულს – ბესიკ მამულაძეს. იგი სასამართლომ მხოლოდ ხულიგნობისთვის გაასამართლა და ასევე 2015 წელს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ბათუმელების“ მიერ 2015 წელს სასამართლოდან გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, რამაზ დევაძემ და კიდევ ორმა პიროვნებამ ღამის კლუბის ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე – 2014 წლის 26 ივნისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კიდევ ერთ პოლიციელს და სხვა პირებს. ამ შემთხვევაში სხვებთან ერთად პოლიციის ინსპექტორი – ილია კუკალაძე დაზარალდა.

რამაზ დევაძე 2015 წლის თებერვალში პოლიციელებმა მაშინ დააკავეს, როცა იგი სარფის საბაჟო პუნქტიდან საქართველოს დატოვებას აპირებდა.

მთავარი ფოტო: კადრი რამაზ დევაძის სასამართლო პროცესიდან

წყარო: ბათუმელები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები