მსოფლიო
ილია მეორე - ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისაგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა, თუ გვაკლია რამე?
2019-08-28 13:53:53
უფალმა საქართველოს დააკისრა მძიმე ჯვარი, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ გოლგოთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის ტარება, გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა.
ილია მეორე საზეიმო წირვას მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. პატრიარქმა საქართველოს მოქალაქეებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას. ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისაგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა, თუ გვაკლია რამე? ალბათ ორივეა. გიხაროდენ საქართველოვ, წილხვედრო ღვთისმშობლისაო. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ვფიქრობთ ამის შესახებ, უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია, რა უნდა ვაკეთოთ, რა არ უნდა ვაკეთოთ, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან.
საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს, ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი ბოლო გზაზე უნდა ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, რომ ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ. ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე.
თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ამ გრძნობითა და შეგრძნებით, რომ პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. შეიგნო ქართველმა ადამიანმა, შეგნებული აქვს, რომ დაკისრებული მძიმე ჯვარი ქართველმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გოლგოთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის ტარება. გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა. როცა მოხდა ამაღლება უფლისა, მოციქულები როცა შეიკრიბებოდნენ ერთად და ატარებდნენ სერობას, ისინი ტოვებდნენ ერთ ცარიელ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ იმ ცარიელ ადგილზე ბრძანდებოდა უფალი იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მოციქულები ტოვებდნენ ორ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ ერთზე ბრძანდებოდა მაცხოვარი და მეორეზე ღვთისმშობელი დედა“, – განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს.
მარიამობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც დღეს დასრულდება.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
კომენტარები