მსოფლიო
ეკა კვესიტაძე ხელფასის არგაცემის გამო დისკრიმინაციის დასადგენად სახალხო დამცველს მიმართავს
2019-08-23 14:54:58
რუსთავი 2-ის ყოფილი ტელეწამყვანი, ეკა კვესიტაძე ხელფასის არგაცემის გამო დისკრიმინაციის დასადგენად სახალხო დამცველს მიმართავს. წარდგენილი საჩივრით ეკა კვესიტაძე ითხოვს მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ეკა კვესიტაძესთან ამ დრომდე რუსთავი 2-ს შრომითი ხელშეკრულება არ შეუწყვეტია და მას დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება. ეკა კვესიტაძე წარდგენილ საჩივარში სახალხო დამცველს სთხოვს, მისი საქმის დაჩქარებულ ვადაში შესწავლას და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციის გამოცემას. ეკა კვესიტაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
საია მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში განხორციელებული და დაანონსებული საკადრო პოლიტიკა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ხოლო ეკა კვესიტაძის და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის გათავისუფლებას მათი შვებულებიდან დაბრუნებისთანავე გეგმავს. აღნიშნული პოლიტიკის გამო პროტესტის ნიშნად არაერთმა ჟურნალისტმა ტელევიზია უკვე დატოვა.
კომენტარები