მსოფლიო
რუსები გვეუბნებიან კეთილ საქმეს გიკეთებთ, კიდევ უფრო ქვევით გადაწევის უფლება გვაქვსო - ვითარება გუგუტიანთკარში
2019-08-16 10:27:54
გუგუტიანთკარში, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილები დახმარებას ითხოვენ. ადგილზე გუშინ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჩავიდა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ეს არის არის მანიფესტი იმის, რომ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ.
„დღეს რაც ხდება გუგუტიანთკარში, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია არის მორიგი მანიფესტაცია იმისა, რომ ცოცხალი საფრთხის, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ და 2008 წლის ზუსტად ამ თვიდან, აგვისტოდან დაიწყო.
ჩვენი ქვეყნის 100-ზე მეტი სოფელი, სხვადასხვა ფორმით არის გახლეჩილი. ძალიან აშკარაა, მე აქ რაც დღეს ვნახე, ამ სოფელში, სადაც უკვე გავლებულია მავთულხლართები, მეორე რიგის ბარიკადების მშენებლობა სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა დამატებით დაძაბულობის შექმნას,“-ამბობს ციხელაშვილი.
თუმცა შეფასებების ნაცვლად ადგილობრივებს, რომლებიც უკანონო ბორდერიზაციამ ყველა მეტად დააზარალა, ხელისუფლებისგან ახლა კონკრეტული ქმედებები აინტერესებთ. რუსმა სამხედროებმა, სოფელში 9 სახლი და მიწის ნაკვეთი, ერთ კვირაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიიტაცეს.
„გვერდზე დგომა გვინდა მთავრობისგან, თორემ ჩვენ მარტო ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მაგათ პერიმეტრს ვინ გაიგებს, ჩვენმა მთვარობამ არ იცის და ჩვენ რა ვიცით. ის კი ვიცით, რომ აქეთა ბანერი არის ძველი ბანერები და მაგის ქვემოთ მოდიან. იმ დღეს ველაპარაკებოდი და ასე თქვეს კეთილ საქმეს ვაკეთებთო, კიდევ ქვევით გადაწევის უფლება გვაქვს და 35 მეტრს გიტოვებთო,“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
კომენტარები