პოლიტიკა
ხელისუფლების სამივლინებო ხარჯებმა 6 თვეში 2 მილიონს გადააჭარბა
2019-08-07 11:16:46
200%-ით გაზრდილი სამივლინებო ხარჯები - "ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა. მიმდინარე წლის მხოლოდ 6 თვეში ადმინისტრაციამ თითქმის 2 მილიონ 320 ათასი ლარის ათვისება მოახერხა. მაშინ, როცა შარშან მთელი წლის მაჩვენებელი 858 ათას არ გასცდენია.
2018 წელთან შედარებით თითქმის ორმაგი იყო ხარჯები 2017 წელს, თუმცა წლევანდელი მაჩვენებელი მას მაინც მნიშვნელოვნად აჭარბებს.
ოპოზიცია ამ მონაცემებს "ქართულ ოცნებაში" არსებული კორუფციისა და უპასუხისმგებლო ქმედების მორიგ ნათელ მაგალითად მიიჩნევს.
„არახალია, რომ წლიდან წლამდე მთავრობის ფუფუნებაზე პირად კომფორტზე დახარჯული თანხები იზრდება. ეს ახალი სტატისტიკაც ამის დამადასტურებელია, რაც ბუნებრივია შემდგომ აისახება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე, ლარის კურსზე, დასაქმებაზე და ა.შ.“-ამბობს ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.
„ევროპული საქართველო"-ს ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებამ ხარჯები შეიკვეცოს,ის მოსახლეობაზე წნეხს ზრდის.
„ეს არის მთელი ბუკეტი "ქართული ოცნების" მმართველობის, ეს არის კორუმპირებული მმართველობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უკუსვლას,“-ამბობს კახიძე.
„მადა ჭამაში მოდის“ - ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, რომ ხელისუფლება იმ ფონზე ზრდის ადმინისტრაციულ ხარჯებს, როცა საზოგადოება ძალიან მძიმე პირობებშია.
ეკა ბესელიას განცხადებით კი, გაზრდილი სამივლინებო ხარჯები ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელია.
„ციფრები აჩვენებს რომ არის ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებლად ხარჯები მიმართული და ამ დროს სოციალური პრობლემები არის ასეთი მაღალი,“-ამბობს ბესელია.
რატომ გაიზარდა სამივლინებო ხარჯები ასე მკვეთრად - ამ კითხვაზე უმრავლესობას პასუხი არ აქვს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ იცის მართლაც გაზრდილია თუ არა ხარჯები.
„არ ვიცი გაზრდილია თუ არა, გავარკვევ რა ხარჯებზე საუბრობთ,“-ამბობს კობახიძე.
კომენტარები