მსოფლიო
მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ
2019-07-25 15:08:38
დაპირისპირება პარლამენტის შენობასთან - პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, კარვის გაშლის უფლება აღარ მისცეს.
კარავი, რომელშიც თითქმის ერთი წელია მალხაზ მაჩალიკაშვილი 19 წლის შვილის მკვლელობას აპროტესტებს და ხელისუფლებისგან პასუხისმგებლობის აღებას ელოდება, პოლიციამ 20 ივნისის ღამის დარბევის შემდეგ აიღო.
"ე.ი. გამოდის, რომ აქ რომ დაასახიჩრეთ ეს ახალგაზრდობა იმისთვის გააკეთეთ, რომ ჩემი კარვები დაგეშალათ? როგორ გამოვხატო, მე პანკისის ხეობიდან ვარ. თქვენ კი არა, მთელმა საქართველომ იცის, რომ 11 თვე ვდგავარ, მქონდა კარვები გაშლილი,ისიც იცით რა გამოვიარე და რა დღეში ჩამაგდეთ, სახელმწიფომ,“-მიმართა მაჩალიკაშვილმა სამართალდამცველებს.
დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილს განუმარტეს, რომ მერიის გადაწყვეტილებით კარვის დადგმა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვეღარ მოხდება.
„კარვის გაშლის უფლებას არ ვაძლევთ იმის გამო, რომ მიმდინარე ტერიტორიაზე იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ აქ კარვები არ უნდა იყოს გაშლილი,“-ამბობს შს სამინისტროს წარმომადგენელი.
მალხაზ მაჩალიკაშვილი კი პირობას დებს, რომ რუსთაველზე, პარლამენტის წინ კარავს გაშლის და მასში პროტესტსაც გააგრძელებს.მისი თქმით, თუ ამის უფლებას არ მისცემენ მხარდამჭერებს შეკრებს და ხელისუფლებას აიძულებს მის მოთხოვნებს დათანხმდნენ.
„მაჩალიკაშვილის საქმე ამათთვის არის ატომური ბომბი, იმიტომ რომ ესენი არიან ძალიან თანამდებობის მოყვარე ხალხი. ამათ დააშავეს, ამათ ადგილზე ასეთ დანაშაულჩადენილი ხელისუფლება უნდა გამქრალიყო, არა თანამდებობიდან, ქვეყნიდანაც კი.
ამათ ჰგონიათ, რომ თუ აქ მაჩალიკაშვილი კარავს არ დადგამს, გადარჩებიან. არ გადარჩებიან, ყველა აღმოჩნდება ჯოჯოხეთში. ეს ნაძირალათა ხროვა,ყველა. მე დავდგამ კარავს, დღეს თუ დამიშლიან, ხვალ დავუძახებ 30-40 ათასს კაცს და დავდგამ,“-ამბობს მაჩალიკაშვილი.
კომენტარები