პოლიტიკა
რ2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა
2019-07-18 13:07:20
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს, აღარ იარსებებს.
როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.
გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.
კომენტარები