საზოგადოება
შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან აქცია დაარბიეს
2019-07-10 17:49:13
დაპირისპირება შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან - აქცია, სადაც 2 კვირაა გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ, სამოქალაქო ტანსაცმელში მისულმა პირებმა დაარბიეს.
აქციის მონაწილეებს თავს დაახლოებით, 50-მდე ადამიანი დაესხა. მათი უმეტესობა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, "ტიტუშკებმა" დაშალეს კარავი, ჩამოხსნეს საპროტესტო ბანერები, მოშიმშილეები კი ადგილიდან გააძევეს.
ისინი ამბობდნენ, რომ გიორგი გახარია შს მინისტრის თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს. მათი თქმით, აქციის მონაწილეები ხელს უშლიან, რადგან გზას კეტავენ. მათი განცხადებით, მოშიმშილეებს კარვის გაშლის უფლებას არ მისცემენ. ისინი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, მათ შორის "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის მიმართ.
აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და აცხადებენ, რომ "ტიტუშკები" სწორედ მთავრობის მიერ არიან მოგზავნილები. ისინი სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ ინციდენტის დროს პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა. მოშიმშილეები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს.
კომენტარები