0 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება

ჩამოტვირთვა

ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება, - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დღეს, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ახლად აშენებული გვირაბი დაათვალიერა და მიიღო ინფორმაცია პროექტის ტექნიკური პარამეტრების, არსებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის თავისებურებებისა და სამშენებლო ტექნოლოგიების შესახებ.

პროექტის დასრულების შემდეგ, გზის ამ მონაკვეთის დასაფარად საჭირო დრო, 30-40 წუთიდან 8 წუთამდე შემცირდება. მამუკა ბახტაძე ადგილზე მყოფ ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსაც გაესაუბრა, რომლებიც პერიოდულად სამუშაოებზე დასაქმდებიან. აღნიშნულ ვალდებულებას ის ხელშეკრულებები ითვალისწინებს, რომლებსაც კონტრაქტორ კომპანიებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უფორმებს. მთავრობის მეთაური აღნიშნულ ინიციატივას მიესალმა და აღნიშნა, რომ სწორედ საინჟინრო სპეციალობებზე დგას საქართველოს წარმატება. ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბის მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. ამასთან ერთად, საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა. პროექტი აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება და მისი ღირებულება 329 630 734 ლარია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები