საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ
2019-07-08 15:53:54
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზატორები მოუწოდებენ მხარდამჭერებს, დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ მათი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშებით.
„ჩვენ, საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც გვაერთიანებს რწმენა, რომ ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველია, ვთანხმდებით, რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მტერი და ოკუპანტი, მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. მიგვაჩნია, რომ დღეს, როგორც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ წყდება ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს;
დღეს წყდება, მოახერხებენ თუ არა პრორუსული ძალები და რუსეთის ხელისუფლებისგან მართული ჯგუფები შექმნან ილუზია, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნით; დღეს, პარლამენტის წინ ადგილობრივი გავრილოვები ცდილობენ თავისუფალი სივრცის სიმბოლურად დაპატრონებას;
მოვუწოდებთ თავისუფალ ადამიანებს, დღეს, 19:00 საათზე გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანად, ჩვენი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები