საზოგადოება
ხელისუფლებამ მომიტინგეების დასარბევად სპეცრაზმი საოკუპაციო ხაზიდან მოხსნა და თბილისში ჩამოიყვანა
2019-07-02 16:14:27
ხელისუფლებამ, 20 ივნისის ღამეს, მომიტინგეების დასარბევად სპეცრაზმი საოკუპაციო ხაზიდან მოხსნა და თბილისში გადმოისროლა.
„კურიერმა“ 20 ივნისის სისხლიანი ღამის სკანდალური დეტალები გაარკვია. თბილისში ანტისაოკუპაციო მიტინგის დასარბევად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის 15 000 თანამშრომელი იყო მობილიზებული. ინფორმაციამ უშუალოდ დარბევაში მონაწილე პირებისგან გაჟონა.
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გივი თარგამაძე "კურიერთან" ექსკლუზიურად ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზიდან პარლამენტის შენობასთან რამდენიმე დანაყოფი მიიყვანეს.
"რაც ყველაზე მთავარი და ყველაზე კატასტროფულია, იყო გარკვეული საკმაოდ დიდი რაოდენობა, რამდენიმე დანაყოფი, რომელიც მოხსნეს საოკუპაციო ხაზიდან და მოიყვანეს აქ. დაცვის სამსახურები, რომლებიც არის აკუმულირებული, აფილირებული შსს-სთან, ეს იქნება „ალგანი“ თუ სხვა სამსახური, ამ ადამიანებს კიდევ ცალკე დავალება ჰქონდათ, ისინი იყვნენ გაფანტული ხალხში, ისინი ახერხებდნენ პროვოკაციების შექმნას, ადამიანები, რომლებიც პოლიციის მიღმა უსწორდებოდნენ ხალხს, ჩემი აზრით, ეს არის სწორედ ამ დაცვის სამსახურის წარმომადგენლები,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.
თარგამაძე ამბობს, რომ დარბევაში ყველა ის უწყება მონაწილეობდა, რომელსაც ძალოვან სტრუქტურებთან კავშირი აქვს. სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა, გივი თარგამაძეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ დარბევა წინასწარ იყო განზრახული.
თარგამაძის ინფორმაციით, დარბევაში მონაწილეობდნენ, კახეთის, აჭარის, ზუგდიდის, რუსთავის, მცხეთის, თბილისის, გორის, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოები, კრიმინალური პოლიცია, საოკუპაციო ხაზიდან მოიხსნა რამდენიმე დანაყოფი. ამ პროცესებში ასევე ჩართული იყო სასაზღვრო პოლიცია და სხვა უწყებებიც.
მისივე თქმით, განხორციელდა 18 ათასი გასროლა. სულ კი, ასი მსროლელი იყო, მათგან 50 -სნაიპერი.
თუ ვინ არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისის ღამეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე, ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ გვარს არ ასახელებს გივი თარგამაძე.
კომენტარები