მსოფლიო
ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებში მონაწილება ვერ მიიღონ
2019-06-28 17:00:31
ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებში მონაწილება ვერ მიიღონ.
ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა.
ციხელაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს, რომ პრობლემა უახლოეს დღეებში აღმოიფხვრას.
„განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ ვითარების გამო, რომლის მძევლებიც თავად არიან, არ შეეზღუდოთ, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შესაძლებლობა, არსებობს გარკვეული მიდგომები. თქვენ იცით, რომ ასევე სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, არაერთი სქემა არის განსაზღვრული, რომლითაც ძალიან გამარტივებულად შეუძლიათ ამ ადამიანებს მოხვედრა, თუმცა, აქვე იგულისხმება, რა თქმა უნდა, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სპეციფიური რეგულაციები და ცოტა ხანში, განვითარებებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას ხელმისაწვდომს გავხდით, კიდევ ერთხელ, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ჩვენ არ დაგვჭირდეს დამატებითი ბევრი ზომის მიღებაზეა და რაც შეიძლება მალე მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელიც არის დაწესებული დღეს ენგურის ხიდზე,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი დღეს დილით ცალმხრივად ჩაკეტა. მიზეზად 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციები სახელდება, რომლებიც ოკუპირებული სოხუმის მთავრობის შეფასებით, პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.
ამ დროისთვის უცნობია, როდის აპირებს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გახსნას. წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში იქნება ძალაში.
კომენტარები