1 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მხოლოდ შევახსენებ, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება

მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მხოლოდ შევახსენებ, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, – „რას ეტყოდით ბატონ პუტინს“, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საინტერესო ის არის, მას რას ეტყოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

„რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში ის არის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის ზოგადად ასე იქცევა. ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს რუსეთთან გაყინული კონფლიქტების შესახებ ჰკითხა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არა გაყინული კონფლიქტები, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებია.

„ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს ოკუპირებული ტერიტორიებია. გაყინული კონფლიქტები ეს ადრე იყო. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიახ, ეს მთავარი პრობლემაა. ეს მთავარი პრობლემაა ყოველდღე, ტრაგედიაა არა მხოლოდ იმ მოსახლეობისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზის ჩვენს მხარეს ცხოვრობს, არამედ იმ მოსახლეობისთვისაც, რომელიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს იმყოფება, ასევე სამასი ათასი ლტოლვილისთვის, რომლებიც ჩვენ გვყავს და ხელისუფლებისთვის, რომელსაც უწევს ყოველდღიური შეხება პრობლემასთან, როდესაც ხდება ადამიანის გატაცება და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს გადაყვანა და ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ დააბრუნებენ ამ ადამიანს; საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რაც საკმაოდ სტრესულია და ყოველდღიური სხვადასხვა სახის პროვოკაციები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ხელს არ უშლის საქართველოს ევროკავშირზე ორიენტაციას.

„ეს არ ცვლის ჩვენს მიმართულებას. თუ ეს იყო რუსეთი მიზანი და ალბათ იყო, რუსეთს იმედი გაუცრუვდა. ჩვენ შესაძლოა, უფრო მეტად მოტივირებული ვართ, რადგან ვიცით, რომ ჩვენ არ გვაქვს ნებისმიერი სხვა პერსპექტივა ან ალტერნატივა. და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი ევროპის. ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა ხელს არ უშლის ევროპულ მომავალს. შეხედეთ გერმანიას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მისცა. ინტერვიუს ქართულ თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები