0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვითარება ბორჯომში - საგანგებო შტაბის ახალი განცხადება

საგანგებო შტაბის ახალი განცხადება:

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის სახით 1500-მდე ადამიანია ჩართული. დილიდან მუშაობა განაახლა 6 ვერტმფრენმა. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი დამატებითი გზები, საერთო ჯამში 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების საშუალებას გამორიცხავს. ამ ეტაპზე ყველაზე რთული კერა არდაგანშია, ამ მონაკვეთზე გუშინაც მძიმე ვითარება იყო. არდაგანის მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობს ავიაცია. მაღალი ტემპერატურის გამო მთელ რიგ ადგილებში შეიმჩნევა ტორფის გავრცელება, რაც სიტუაციას ართულებს.

გარემოს დაცვის სამინისტრომ სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კვლევა განახორციელა. კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდებისთვის და ორსულებისთვის მანამდე მოქმედი რეკომენდაცია მოხსნილია.

რაც შეეხება, სხვა რეგიონებში მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს ამ დროისათვის ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. თუმცა ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა, რომლებიც შემოსაზღვრულია თხრილებით, რაც ცეცხლის გავრცელების საფრთხეს ანეიტრალებს. გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ცეცხლს მთელი ღამის მანძილზე, რთულ რელიეფურ პირობებში ებრძოდნენ.

ანდაქის ხეობაში ხანძარი 22 აგვისტოს თავდაპირველად სოფელ ბახაოში, მეცხვარის სახლს მოედო და შემდგომ საძოვრებზე და ფოთლოვანი ტყის ნაწილზე გავრცელდა. ხანძრის ლოკალიზაცია 12 საათში მოხერხდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან და დუშეთის რაიონის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ამ დრომდე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე და ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ტერიტორიას არ დატოვებენ.

ხანძარი ლიკვიდირებულია დუშეთის რაიონის, სოფელ ზემო თვალივში ვერტმფრენმა მუშაობა სტიქიის ზონაში უკვე დაასრულა. ამ დროისთვის მთაზე ცეცხლი სრულად ჩამქრალია, აღარ შეინიშნება ცეცხლის კერები. სამაშველო სამსახურები სრული ლიკვიდირებისა და ვითარების კონტროლის მიზნით, ნახანძრალ ადგილებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ.

დღეს, 15:00 საათზე, ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ ჩაჩიბაია ჩავლენ, რადგან ადგილზე გაეცნონ ვითარებას. ამ ეტაპზე ატენის ხეობაში ჯარისკაცები კვლავ არიან მობილიზებულები, რათა განმეორებითი საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული.

საგანგებო შტაბის წევრები, კვლავ ბორჯომის ხეობაში რჩებიან და ქვეყნის მასშტაბით კოორდინირებაც, სტიქიური უბედურების ყველაზე მასშტაბური ადგილიდან ხდება. ბორჯომის ხეობაში რჩება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები