პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს აქვეყნებს
2016-05-30 13:45:18
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი ღია წერილს აქვეყნებს.
ახლახან ჩატარდა “ქართული ოცნების” ყრილობა, რომელმაც ახალი თავმჯდომარე აირჩია და პარტიის შემდგომი გეგმები გამოაცხადა. ამით დასრულდა ერთი ეტაპი, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში დაიწყო და ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას შევუდექით.
როგორ ვაპირებ საარჩევნო პროცესში ჩართვას და პირადად რა მონაწილეობას მივიღებ, ამაზე წერილის ბოლოს ვისაუბრებ, ახლა კი მოკლედ შევაჯამებ და შევაფასებ გასულ ოთხწელიწადნახევარს - რა გზა გამოვიარეთ, სად ვართ და საით მივდივართ.
მინდა, მოსახლეობას ანგარიში ჩავაბარო, ვინაიდან 2011 წელს სწორედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე ავიღე პასუხისმგებლობა და, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ვარ, ამ პასუხისმგებლობას დღემდე ვგრძნობ.
ვფიქრობ, უახლოესი წარსული ჯერ არავის დავიწყებია, თუმცა, დასაწყისში მაინც უნდა გავიხსენო, რამ გადამაწყვეტინა პოლიტიკაში მოსვლა.
სად ვიყავით
რამდენიმე ნაწყვეტი 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული ღია წერილიდან, რომლითაც მივმართე ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიას და საქართველოს მოქალაქეებს:
● “მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ცხადი გახადა სააკაშვილის სურვილი, ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში.”
● “საგადასახადოს, პროკურატურის და სასამართლოს გამოყენებით ქართულ ბიზნესზე ისეთი გაუგონარი ძალადობა განხორციელდა, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, თავისუფალი ბიზნესი აღარ არსებობს.”
● “ნორმად იქცა დემონსტრაციების აგრესიული დარბევა, მონაწილეების დაუზოგავად, უმოწყალოდ ცემა და დევნა, ხოლო 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, არიან მოკლულები და დაკარგულები.”
● “საოცრად გამარტივდა ხალხის დაჭერა და ეგრეთ წოდებული საპროცესო გარიგებით ფულის გადახდის შემდეგ გამოშვების პროცესი. დაჭერების ამ მეთოდმა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უკიდურესად დააშინა და არნახული სიღარიბის ზღვართან მიიყვანა.”
● “დამთრგუნველია ყველა იმ სიცრუის მოსმენა, რაც საინფორმაციო საშუალებებიდან მოედინება. ყოველდღიური ტრაბახი და ტყუილების კორიანტელი სააკაშვილის მიღწევების შესახებ უაღრესად შეურაცხმყოფელია.”
● “სიცრუის მანქანა მთელი ძალით მუშაობს ადამიანთა ტვინების გამორეცხვაზე და მოდელირებული ვირტუალური ფსევდორეალობის რეალობად და სინამდვილედ წარმოსაჩენად. ძნელია, გაარჩიო, ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს!”
● “სიცრუის ქსელში ჩართულმა ფსევდოოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა ისეთი გარემო შექმნეს, რომ საზოგადოების პოლიტიკურად ყველაზე აქტიურ ნაწილსაც კი პოლიტიკის მიმართ უნდობლობა გაუჩინეს და საბოლოოდ დააკარგინეს არჩევნების გზით რაიმეს შეცვლის იმედი.”
● “ხელისუფლების ძალისხმევით ეგრეთწოდებულ ექსპერტთა, პოლიტოლოგთა, ანალიტიკოსთა, სოციოლოგთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მობილური ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ხელისუფლების მიერ დაწერილ სცენარს ახმოვანებს და უტიფრად ასაღებს შავს თეთრად და პირიქით.”
ქვეყნის ყველა გულშემატკივარი მოქალაქე დამეთანხმება, რომ ამ შეფასებებში არაფერი იყო გადაჭარბებული. პირიქით, მაშინ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცოდით. რეალური სურათი იმაზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა!
ერთ დიდ ციხედ გადაქცეული მთელი ქვეყანა, ასეულობით ათასი პატიმარი და პრობაციონერი იმას ნიშნავდა, რომ ლამის მთელი მოსახლეობა პატიმრების ჭირისუფლად იყო ქცეული და ციხის კარს შეჰყურებდა. ტოტალური მოსმენები, თვალთვალი, ფარული გადაღებები, დასმენა და შანტაჟი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა. ხელისუფლება სრულად აკონტროლებდა მედიას და ისიც ამბობდა და აჩვენებდა მხოლოდ იმას, რასაც კარნახობდნენ. ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვა ელიტური კორუფცია, ერთ პატარა ჯგუფს ყველაფრის უფლება ჰქონდა, დანარჩენს - არაფრის. ადამიანები დაშლილ ტელეფონებს მალავდნენ და საკუთარ ოჯახებშიც კი ჩურჩულით საუბრობდნენ. ვისაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას შეატყობდნენ, სამსახურებიდან აგდებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ცემდნენ, აპატიმრებდნენ, ციხეში სასტიკად აწამებდნენ და თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, კლავდნენ კიდეც!
ორმაგი სტანდარტით მართავდნენ ქვეყანას - სინამდვილეში სულს ხდიდნენ ადამიანებს, სხვების დასანახად კი, დემოკრატიის შუქურად მოჰქონდათ თავი.
ამ უსამართლობასა და განუკითხაობას აგვირგვინებდნენ დაქირავებული მეხოტბეები, რომლებიც ტაშის კვრით ხელისგულებს იტყავებდნენ და ”მიშა, მიშას!” გაჰყვიროდნენ.
ძალაუფლებით გათავხედებული სააკაშვილის კლანი განუსაზღვრელი ვადით გეგმავდა ხელისუფლებაში დარჩენას. ისინი ღიად ქადაგებდნენ ქართველი კაცის ძირისძირობამდე გარდაქმნისა და რაღაც “ახალი ადამიანის” ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანებისთვის ტვინების გამორეცხვას და ყველაფრის მკადრებელ ზომბებად გაწვრთნას ნიშნავდა. ისინი არავის ინდობდნენ, ვისი ავტორიტეტიც ამ მიზნის განხორციელებაში ხელს უშლიდა და ამიტომ ებრძოდნენ ასე თავგამოდებით პატრიარქსაც და მთლიანად ეკლესიას.
უიმედობის გაჩენას ყველაზე მეტად ის უწყობდა ხელს, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდა, ხელისუფლება არავითარ მორიდებას და პასუხისმგებლობას აღარ გრძნობდა მოსახლეობის წინაშე.
მმართველი კლანი დიდი რაოდენობით ნაძარცვ ფინანსებს იყენებდა ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ ლობისტური ჯგუფის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თუ მათთვის მცდარი შეხედულების შესაქმნელად.
“სიცრუის მანქანამ” ისე ჩაითრია საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგიერთი ადგილობრივი წარმომადგენელი, რომ მათი კონტროლი ცენტრალური ოფისებიდანაც კი უჭირდათ. ზოგჯერ, საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ შეფასებებს, უცხოელების ნაცვლად, ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელები წერდნენ. სამწუხაროდ, ასეთი რეციდივები ახლაც შეიმჩნევა.
“ენდიაის” და “აირაის” ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვთ განხორციელებული, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, თუმცა, დასამალი არ არის, რომ ბევრ ეჭვს ბადებს სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ნაციონალურ მოძრაობასთან მჭიდრო კავშირში შემჩნეული ადგილობრივი სპეციალისტების მეშვეობით ატარებენ.
ყველას გვახსოვს, უახლოეს წარსულში ეს კვლევები როგორ მკვეთრად იყო აცდენილი რეალობას - 2012 წლის არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებსა და არჩევნების შედეგებს შორის ძალიან დიდი სხვაობა დაფიქსირდა. ამგვარი კაზუსები მთლიანად კვლევით ორგანიზაციებში მომუშავე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების სინდისზეა, რომლებიც ახერხებდნენ და თავიანთ სიცრუეს თავს ახვევდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კი.
სააკაშვილის გუნდი განუწყვეტლივ საუბრობდა დასავლეთთან ინტეგრაციაზე, თუმცა, მათი მიზანი არასდროს ყოფილა ქვეყნის ევროპეიზაცია, რაც, უპირველესად, განვითარებულ დემოკრატიას და თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარ სამოქალაქო საზოგადოებას გულისხმობს.
სინამდვილეში, სააკაშვილის მართვის სტილი იყო სრულიად ანტიევროპული და ადამიანების დათრგუნვა-დამორჩილებას ისახავდა მიზნად. სწორედ ამ ფსევდოევროპელობამ და ფასადურმა დემოკრატიამ შეუწყო ხელი საზოგადოების ერთ ნაწილში ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობების გაღვივებას, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის.
ჩვენს გულგატეხილ თანამოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ რასაც სააკაშვილი სჩადიოდა, იმას საერთო არაფერი აქვს არც დასავლეთთან, არც დემოკრატიასთან და არც ლიბერალიზმთან.
2011 წლის ბოლოს აღმოვჩნდით იმ ფაქტის წინაშე, რომ ხელისუფლებამ ძალადობის, ჭორების გავრცელების, მოსყიდვის და გადაბირების მეშვეობით დაქსაქსა და გაანეიტრალა ოპოზიცია, ხოლო ლიდერების გარეშე დარჩენილი ხალხი შეშინდა, დაიბნა, და სამზარეულოებში ჩურჩულზე გადავიდა - საპროტესტო ტალღა ჩაქრა; ნათელი გახდა, რომ საზოგადოებას მოჯადოებული წრის საკუთარი ძალებით გარღვევის რესურსი აღარ ჰქონდა დარჩენილი და მეც მძიმე არჩევანი დამიდგა: ან იმ რეალობას უნდა შევგუებოდი, რომ ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი ათწლეულებით ამ კოშმარში დარჩებოდა, ხელი ჩამექნია, წავსულიყავი და თავი უცხოეთისთვის შემეფარებინა, ან უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა.
არ დავმალავ, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, რადგან პოლიტიკური საქმიანობა არასდროს მაინტერესებდა და, ამასთან, არსებული რეჟიმის ხასიათიდან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო იქნებოდა, ჩემთვის და, რაც მთავარია, ჩემი ოჯახისთვის; თუმცა, საბოლოოდ, სწორედ ოჯახმა, ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა გადამაწყვეტინეს ქვეყანაში დარჩენა და ბრძოლის დაწყება. ჩემი მაშინდელი განწყობის გადმოსაცემად ისევ გავიხსენებ რამდენიმე ნაწყვეტს 2011 წლის წერილიდან:
● “ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. იმიტომ, რომ ვხედავ, სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას.”
● “შეცდომა იყო, საქართველოდან წასვლა რომ დავაპირე. წასვლა ერთია, მაგრამ მერე რა პირით უნდა დაბრუნდე უკან, როცა შენს ქვეყანას იმ დროს მიატოვებ, როცა ძალიან უჭირს. როცა დაბრუნდები, დაგხვდება კი აქ ქვეყანა?!”
● “ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა დამარწმუნეს, რომ ვცდებოდი, თუმცა, არც იმის უთქმელობა ივარგებს, რომ ჩემი ოჯახიც, სხვა ქართული ოჯახებივით, ორი წლის განმავლობაში ჩურჩულით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის იმედით და თანადგომით შიში ვძლიეთ.”
აი, ასეთი ვითარება და განწყობა სუფევდა მაშინ ქვეყანაში და, რასაკვირველია, ჩემზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იყო ძალიან ბევრი ჩემი თანამოქალაქე.
ვითარების ანალიზი მიჩვენებდა, რომ პირადი მონაწილეობის გარეშე საჭირო შედეგს ვერ მივიღებდით, ამიტომაც გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, თავად გამეწია კოორდინაცია პოლიტიკური პროცესებისთვის და სიტყვა მივეცი ჩემს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებლად დავამარცხებდით უსამართლობას.
აქვე მინდა გავიხსენო ის დაპირებები, რომლითაც ჩავები ბრძოლაში და, შემიძლია ვთქვა, რომ მათი დიდი ნაწილის შესრულება შევძელი.
2011 წელს მე ჩემს თანამოქალაქეებს დავპირდი, რომ:
● ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს აბსოლუტური უმრავლესობით მოვიგებდით.
● პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობას მივიღებდი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და ბოლომდე აღმოვფხვრიდით ელიტურ კორუფციას.
● დავიწყებდით დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას და ამას შეუქცევად პროცესად ვაქცევდით.
● პერსპექტიულს გავხდიდით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას.
● შევქმნიდით საინტერესო საინვესტიციო გარემოს და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, საფუძველს ჩავუყრიდით თავისუფალ ბიზნესსაქმიანობას.
● ბოლომდე მივიყვანდით სოფლის მეურნეობის აღორძინების პროექტს.
● საბოლოო სახეს მივცემდით მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებას და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნას.
● დავიწყებდით რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას.
● გავაღრმავებდით აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობასა და ინტეგრაციას.
● ჩემი აზრით, ზემოჩამოთვლილი საკითხების გადაჭრას დაახლოებით ორი-სამი წელი დასჭირდებოდა, რის შემდეგაც მე ვაპირებდი პოლიტიკიდან წასვლას, რათა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიმეღო.
ეს იყო ძირითადი ნაწილი ჩემი დაპირებებისა, რომლებითაც მოვედი პოლიტიკაში და სწორედ მათი შესრულებით უნდა დაწყებულიყო იმ ნიადაგის მომზადება, რომელსაც დაეფუძნებოდა ქვეყნის შემდგომი განვითარება.
კიდევ ერთი - ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და დღესაც არის, საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის განელება და სახელმწიფოს წინაშე მდგარ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით ეროვნული თანხმობის მიღწევა.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს მოსაზრება კრიტიკის ქარ-ცეცხლს იწვევდა და იწვევს, მე ამ გზიდან არასოდეს გადამიხვევია და არც გადავუხვევ, ვინაიდან, სწორედ ეროვნული თანხმობა არის გზა ღირსეული მომავლისკენ. პირველივე დღეს განვაცხადე და სულ ვიმეორებ, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს, მთავარია, ადამიანი დროზე მიხვდეს ჩადენილ შეცდომებს, მოინანიოს და სიკეთისკენ გადადგას ნაბიჯი.
სად ვართ
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ყველა აკრძალული ხერხი გამოიყენა, კალაპოტიდან მაინც ვერ ამოგვაგდო, ვერცერთ პროვოკაციაზე ვერ წამოგვაგო და წინასაარჩევნო პროცესი მთლიანად ჩვენი სცენარით წარიმართა. არჩევნების წინ თბილისში მანამდე უპრეცედენტო მასშტაბის აქცია გაიმართა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ყველაფრის მკადრებელ და ყველაფერზე წამსვლელ რეჟიმს ძალაუფლება უსისხლოდ დავათმობინეთ.
უპასუხისმგებლო და მოძალადე მთავრობის ნაცვლად ჩამოვაყალიბეთ მოსახლეობის მიმართ ანგარიშვალდებული მთავრობა, რომლის საქმიანობაც მაქსიმალურად გამჭვირვალეა. სრულად აღმოვფხვერით ელიტური კორუფცია. დღეს ყველაზე რადიკალური ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ ამ ფაქტს და ვერ გვაბრალებენ კორუფციის მფარველობას.
ამ ოთხ წელიწადში ჩავატარეთ სამაგალითო - 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები და ბოლო მოვუღეთ მოქალაქეებისთვის ხმების მოპარვის დანაშაულებრივ პრაქტიკას. დარწმუნებული ვარ, მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც ასევე ყველაზე მაღალი სტანდარტებით ჩატარდება.
მიუხედავად კრიტიკული განწყობებისა, ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და სასამართლო სახელისუფლო წნეხისგან გაათავისუფლა. შეიძლება, არ მოგვწონდეს ზოგიერთი გადაწყვეტილება, ან ესა თუ ის მოსამართლე, მაგრამ, მთავარია, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია. მოქალაქეებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის კანონიერი გზა და შესაძლებლობა გაუჩნდათ. აზრი მიეცა ადვოკატის საქმიანობას.
მოვახდინეთ პოლიციის დეპოლიტიზაცია და მას ვეღარავინ გამოიყენებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის; გავაუქმეთ სოდი და კუდი, რომლებიც მოქალაქეების დაშანტაჟებით და ბიზნესების წართმევით იყვნენ დაკავებულები. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ჩამოვაშორეთ შსს-ს.
მედია სრულად გათავისუფლდა ხელისუფლების კონტროლისგან. თვალსაჩინო ფაქტია, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ამდენი ტელევიზია, რამდენიც დღეს არის და, სხვათა შორის, ვერც იმას გაიხსენებს ვინმე, რომ მთავრობის მისამართით ასეთი დაუნდობელი კრიტიკა და ლანძღვა მოესმინოს; თანაც, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მთავრობას საკუთარი ტელევიზია არ გააჩნია.
ბიზნესმა მოიშორა სახელისუფლო წნეხი. ყველაზე კრიტიკული მედიაც კი ვერ საუბრობს ბიზნესის შევიწროებაზე.
ახალი მთავრობის პრიორიტეტი გახდა ისეთი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რომლის შედეგიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ყველა ფენისათვის.
ფაქტობრივად ყველას, ვისაც ამის სურვილი და საფერმერო მეურნეობის ჩამოყალიბების რეალური პროექტი აქვს, სახელმწიფო უზრუნველყოფს გრძელვადიანი უპროცენტო სესხებით. ამავე დროს, ეხმარება პირუტყვის შერჩევასა და შეძენაში, უფასო თესლის, ნერგის, საწვავისა და სასუქის მომარაგებაში. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში 26 ათასზე მეტმა ბიზნესპროექტმა ისარგებლა დაფინანსებით. ქვეყნის მელიორაციაში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების შედეგად 133%-ით გაიზარდა ირიგაციით უზრუნველყოფილი მიწების ფართობი. სოფლის მეურნეობის სფეროში საერთო ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
წინა ხელისუფლების დროს სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ შეძლებული პაციენტებისთვის, ჩვენი მოქალაქეები ახლობლების გადასარჩენად იძულებულნი იყვნენ, სახლ-კარი გაეყიდათ და სესხები აეღოთ, ამის ნაცვლად ჩვენ შემოვიღეთ საყოველთაო დაზღვევა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა. დღეს უფულობის გამო ადამიანი ბედის ანაბარად აღარაა მიტოვებული, აუცილებელი ოპერაციისა და მკურნალობის გარეშე არავინ რჩება. ხორციელდება მსოფლიოში უნიკალური პროგრამა და ცე ჰეპატიტისგან უფასოდ განიკურნება ათასობით ჩვენი თანამოქალაქე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის სფეროში ჩვენი ძალისხმევის შედეგად უამრავი ადამიანი გადარჩა. ეს პროექტი არამარტო სოციალური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი არამედ სწორედ ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერა მიიღო 1 მილიონ 600 ათასმა ადამიანმა.
ვალების ეკონომიკიდან - ინვესტიციების ეკონომიკისკენ
ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს ქვეყნის გადაყვანა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკაზე.
2013-2016 წლებში (2016 წლის პროგნოზის გათვალისწინებით), პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 62%-ით მეტია, ვიდრე - 2009-2012 წლებში.
საქართველოს მთლიანი ვალი ყველაზე ნაკლებად 2013-2015 წლებში გაიზარდა. 2007-2009 წლებში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 5 მილიარდ 34 მილიონი დოლარით გაიზარდა, 2010-2012-ში 4 მილიარდ 453 მილიონით, ხოლო 2013-2015 წლებში მხოლოდ 1 მილიარდ 686 მილიონი დოლარით, ანუ წინა სამ წელთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებით. 2013 წელს დასრულდა პრაქტიკა, როცა ქვეყანა სავალუტო დეფიციტს მასშტაბური ვალის აღებით აბალანსებდა და პირიქით, ვალის აქტიურად დაფარვა დაიწყო.
2013 წლიდან საგარეო ვალის ზრდით მიღებული ეკონომიკური ზრდის იმიტაციის ნაცვლად ჩამოყალიბდა ინვესტიციებზე დამოკიდებული კონკურენტუნარიანი გარემო, ამის დასტურია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის გლობალურ რეიტინგში 2006-2007 წლებში 87-ე ადგილზე ვიყავით, 2011-2012 წლებში 88-ე ადგილზე დავქვეითდით, ხოლო 2015-2016 წლებში 66-ე ადგილზე გადავინაცვლეთ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას გადავუსწარით. ეს არის რეიტინგი, რომელიც ყველაზე კომპლექსურად ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას.
სავალუტო ფონდის მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნებული კვლევის თანახმად საქართველოში 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი პირველად გადააჭარბებს 10 000-ს საერთაშორისო დოლარს (მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით), რაც 25%-ით აღემატება 2012 წლის დონეს.
იმავე კვლევის მიხედვით 2017-2021 წლებში საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 46.4%-ით გაიზრდება და 2021 წელს 14 663 საერთაშორისო დოლარს მიაღწევს, ხოლო ზრდის ტემპი 11.9% გახდება. თუ ასეთი ზრდის ტემპს შევინარჩუნებთ, რაც სრულიად რეალურია, 2030 წლისთვის მშპ-ს მაჩვენებელი გაოთხმაგდება და 40 000 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს. ეს ციფრები ახლოს არის ევროპის წარმატებული ქვეყნების დღევანდელ მონაცემებთან და ჩვენი მოქალაქეებისთვის სტაბილური კეთილდღეობის გარანტიას წარმოადგენს.
მსოფლიო ბანკმა გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა 17 ანალიტიკური ცენტრის შემაჯამებელი კვლევა, რომლის მიხედვით, ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს დაფიქსირდა. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს ინდიკატორებია: მთავრობის ეფექტიანობა, კანონის უზენაესობა და კორუფციის კონტროლი, გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, რეგულაციების ხარისხი, პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა.
დღეს მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგით საქართველო რეგიონში ლიდერია და, გარდა ამისა, მთელი რიგი მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, პოლონეთი, იტალია, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა და სხვა.
ყოველგვარი პოლიტიკური დათმობების გარეშე შევძელით ქართული პროდუქციისთვის გაგვეხსნა რუსული ბაზარი და, ამავე დროს, 2015 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა.
2013-2015 წლებში წლებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა კერძო სექტორში 55 000 ადამიანით გაიზარდა. მაშინ როდესაც 2006-2012 წლებში 23000-ით შემცირდა.
2013-2015 წლებში რეალური ხელფასი გაიზარდა 175 ლარით, 2010-2012 წლებში კი - მხოლოდ 78 ლარით; პენსიების რეალურმა ზრდამ (მსყიდველთუნარიანობის გათვალისწინებით) შეადგინა 24,1%;
2013-2015 წლებში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა წმინდა შემოსავალმა 4 მილიარდ 520 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება 2010-2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს. ზრდა შთამბეჭდავია მიმდინარე წელსაც. იანვარ-აპრილში ჩვენი შეფასებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, დაახლოებით, 17%-ით გაიზარდა და შეადგინა 505 მლნ აშშ დოლარი.
2013-2015 წლებში 2010-2012 წლებთან შედარებით მშენებლობის მოცულობა მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა 56%-ით, მათ შორის, თბილისში 63%-ით, ხოლო აჭარაში - 76%-ით (გაცემული ნებართვების მიხედვით).
მნიშვნელოვნად გაიზარდა ენერგეტიკული პროექტების მოცულობა:
● 2013-2015 წლებში ენერგეტიკაში 2 მილიარდ 506 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. უკვე შევიდა ექსპლუატაციაში 523 მილიონი დოლარის ღირებულების 14 ჰიდრო და 1 თბოელექტროსადგური.
● უახლეს მომავალში ექსპლუატაციაში შევა კიდევ ექვსი ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის - 416 მილიონი დოლარის ღირებულების “შუახევჰესი”. დაიწყო “ნენსკარაჰესის” მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 1 მილიარდი დოლარია.
● გაფორმდა მემორანდუმები 104 განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელების შესახებ, რომელთა საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრე 2800 მეგავატს აღემატება, ხოლო საინვესტიციო ღირებულება 6 მილიარდი დოლარია.
საგრძნობლად იმატა ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპმა. მაგალითად, წელიწადში საშუალოდ 2,5-ჯერ მეტი ავტობანი შენდება, ვიდრე - წინა ხელისუფლების დროს.
აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როცა რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მოხდა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საქართველოსათვისაც. მოვლენების ამგვარი განვითარების გარეშე, რასაკვირველია, უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2004-2012 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი არ ყოფილა. სომხეთს, ბელორუსს, აზერბაიჯანს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ. 2013-2015 წლებში კი, საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს.
დასკვნით ფაზაში შევიდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების პროექტი. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, რომლებიც დაესწრნენ მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრის მშენებლობის დაწყებას, ხოლო სექტემბერში ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობას შევუდგებით.
განსაკუთრებული ზრუნვის საგნად რჩებიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის აგრესიისა და საპასუხო გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად საკუთარ სამშობლოში დევნილებად იქცნენ. მთავრობამ დაიწყო დევნილთათვის ბინების აშენება, სახლების შეძენა და ფართების დაკანონება.
მოქალაქეები ეჩვევიან პოლიტიკურ თავისუფლებებს, მათ აღარ ეშინიათ საკუთარი კრიტიკული აზრის თუ უკმაყოფილების გამოხატვისა. ადამიანები შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გაფიცვებსაც კი აწყობენ, რაც, დამეთანხმებით, ადრე წარმოუდგენელი იყო.
მთავრობამ რეალური ნაბიჯები გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით - გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რითაც ქართველ მეწარმეებს ევროპის ხუთასმილიონიან ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ. გაიხსნა საქრთველოში პირველი ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენი მოქალაქეები ძალიან მალე ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.
დღეს გაცილებით მყარი და სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობები გვაქვს პარტნიორ ქვეყანებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ყველა რეიტინგით და მაჩვენებლით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და არ არსებობს სფერო, რომელშიც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არ გვქონდეს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას იყო.
მოკლე დროში მოვახერხეთ და ავტორიტარული ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე გადავიყვანეთ; შევქმენით საფუძველი, რომელსაც წარმატების მომტანი შემდგომი რეფორმები უნდა დაეფუძნოს.
ჩვენ მუდმივად ვეძებთ, რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რაც წაახალისებს ეკონომიკას და მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის. ამ მიზნით უკვე ჩავატარეთ შვიდი ეკონომიკური ფორუმი, სადაც მოწვეულები იყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან ასოცირებული ექსპერტებიც, თუმცა, მათგანაც ვერ მოვისმინეთ რაიმე შემოთავაზება, რეალურად კიდევ რისი გაკეთება შეეძლო მთავრობას და არ გააკეთა.
ნებისმიერი მთავრობის მუშაობა ფასდება რეალური შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენებით. ამ კრიტერიუმით საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურ შედეგს მიაღწია. ცხადია, 3-4 წელიწადში ის ვერ შეძლებდა იმის გაკეთებას, რასაც თხუთმეტი წელი სჭირდება, მაგრამ ნამდვილად მყარი საფუძველი მოამზადა მდგრადი განვითარებისთვის.
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ასე აფასებენ საქართველოს მთავრობას ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები.
საით მივდივართ
საქართველო უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას - ჩვენ თავიდან ვსწავლობთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას, ვეჩვევით დემოკრატიას და საბაზრო ეკონომიკას, ზოგადად თავისუფლებას.
ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია მომავლის წინაშე და დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება სიფრთხილე, რათა არ დავუშვათ შეცდომა, რომელიც იმ ტირანიაში დაგვაბრუნებს, დიდი გაჭირვებით რომ დავაღწიეთ თავი. ამიტომ ვალდებულნი ვართ, ვუპასუხოთ დროის მოთხოვნებს, მართებულად შევაფასოთ მოვლენები და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა წყალში არ ჩაგვეყაროს ის მიღწევები, რაც ამჟამად გვაქვს და რაც სამომავლოდ უკეთეს პერსპექტივას გვიპირდება.
მართებული კი მხოლოდ ის გადაწყვეტილებაა, რომელიც გვაახლოებს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ მიზანს - თავისუფლებას, უსაფრთხოებას, თვითმყოფადობას, კეთილდღეობას და მსოფლიო პროგრესის პროცესში ჩართულობას!
დროის და ცხოვრების მკაცრი მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩვენ ჩამორჩენის უფლება არ გვაქვს. სწორედ ეს ამოცანა უდგათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც, მიუხედავად ათასი პრობლემისა, გულს არ იტხენ და შრომობენ საკუთარი ოჯახების, მომავლის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამაში სჭირდებათ მათ ხელშეწყობა და დახმარება.
ყველა ვხედავთ, როგორი დაძაბულობაა დღეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენს გარშემო - უახლოეს და არც თუ შორეულ სამეზობლოში. ულმობელი ტერაქტები, დაუსრულებელი საბრძოლო მოქმედებები, ეკონომიკური კრიზისი, რელიგიური კონფლიქტები და ცივილიზაციათა დაპირისპირება, ის სახიფათო აისბერგებია, რომლებიც ჩვენს შორიახლო დაცურავენ და კატასტროფებით გვემუქრებიან. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ამ აისბერგებს შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოდ გატარება შევძელით და მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთ.
რამდენად მივაღწევთ მიზანს, დამოკიდებულია ორ ფაქტორზე - როგორი ტიპის სახელმწიფოს ავაშენებთ და რა საგარეო
კომენტარები