პოლიტიკა
" ზურა გაიკეთებდა ხოლმე წვერს, სათვალეს, ქუდს ჩამოიფხატავდა - ამ დროს სასწაული შესახედი იყო"-ძაძამია
2015-08-12 15:26:40
ჩამოტვირთვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლესა და ნაფიც მსაჯულებს ჩვენება ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა წევრმა მიხეილ ძაძამიამ მისცა.„ეს ნიღაბი წვერი იყო და როდესაც მივდიოდით ხოლმე ამ კონსპირაციულ ბინებში, ზურას შავი სპორტული ჩანთა ჰქონდა, იქ ელაგა ესენი. გაიკეთებდა ხოლმე ამ წვერს, გაიკეთებდა სათვალეებს, ქუდს ჩამოიფხატავდა, ამ დროს სასწაული შესახედი იყო“, - აღნიშნა ძაძამიამ.
ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა წევრმა 2005 წლის 3 თებერვლის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ მან მიიყვანა საბურთალოს ქუჩაზე ყოფილი პრემიერი, სადაც მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს.
ძაძამია იხსენებს, რომ სააკაძის მოედანზე ჟვანიას დავალებით იყიდა საჭმელი, სასმელი, საგარეტი და შემდეგ მიიყვანა საბურთალოს ქუჩაზე, სადაც მოგვიანებით მივიდა რაულ უსუპოვი.
ძაძამია ამბობს, რომ სწორედ მან დაალაგა საჭმელი მაგიდაზე, შემდეგ ჩართო გამათბობელი და პრემიერის ბრძანების შესაბამისად, მან საბურთალოს ქუჩა დატოვა.
„მოგვიანებით, დავბრუნდი ისევ საბურთალოს ქუჩაზე, შევედი ეზოში, გადმოვედი მანქანიდან, გავიარე, არაფერი საეჭვო არ დამინახავს. ჩანდა, რომ ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული, ადამიანები არ ჩანდნენ. დავჯექი მანქანში, გადავურეკე რაულს, უნდა მეთქვა, რომ ტელეფონზე აკუმულატორი მიჯდებოდა დ თუ მალე გამოდიოდნენ, ბარემ აქვე ვიდგებოდი. კატეგორიულად მეკრძალებოდა იქ დგომა, ზურასაც იმიტომ დავურეკე, რომ მეცნობებინა ტელეფონის დაჯდომის შესახებ, თუმცა არ აიღო.
ჩემში არანაირ ეჭვს არ იწვევდა, მან რომ ტელეფონი არ აიღო, ეს იყო ჩვეულებრივი მომენტი, რა ვიცი, მე მგონი მისი იქ მიყვანა 150-ე იყო“, - აღნიშნა პროცესზე ძაძამიამ.
კომენტარები