პოლიტიკა
პუტინი “ბოინგ 777-ის” კატასტროფაში უკრაინას ადანაშაულებს
2014-07-18 12:01:57
ჩამოტვირთვა
უკრაინის უშიშროების სამსახური მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სეპარატისტების სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ავრცელებს.
ჩანაწერში ისინი ამბობენ, რომ თვითმფრინავი ჯგუფმა “მინი-ორამ” ჩამოაგდო, რომელიც ჩერნუხინოში იყო განთავსებული და კაზაკებისგან შედგებოდა. ჩაწერილი საუბრის მიხედვით ირკვევა - სეპარატისტები ელოდნენ, რომ თვითმფრინავით ჯაშუშები გადაჰყავდათ.
დასავლური მედია წერს, რომ ამერიკულმა რადარებმა დააფიქსირა საიდან დაესხნენ თავს ბოინგს. მათი ცნობით, “მიწა- ჰაერის” ტიპის რაკეტა რუსეთის ტერიტორიიდან იყო გაშვებული. პარალელურად, საკუთარ ვარაუდებზე წერს რუსული მედია. გამოცემა “ლაიფნიუსი” “როს-ავიაციის” ინკოგნიტო წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა უკრაინის ტერიტორიიდან სამიზნედ ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავი იყო შერჩეული, რომელსაც ამავე დროს უნდა გადაეფრინა.
ტრაგედიის ადგილზე ამ დრომდე ეძებენ შავ ყუთს. ერთ-ერთი ვერსიით, ის სეპარატისტებმა უკვე იპოვეს და მოსკოვში გადაგზავნეს. მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთის პირველი პირი კი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მომხდარის გამოძიებას ითხოვს მალაიზიის ხელისუფლება.
“ბოინგ 777-ის” ჩამოვარდნის შედეგად 295 ადამიანი დაიღუპა, მათგან სამი ბავშვია. 154 დაღუპული ნიდერლანდების მოქალაქეა, 45 მალაიზიის, 27 ავსტრალიის. ბორტზე იყვნენ ბრიტანეთის, ბელგიის, ფილიპინების და კანადის მოქალაქეებიც. კატასტროფას გადაურჩა ერთი მგზავრი, რომელმაც აეროპორტში მისვლა დაიგვიანა.
კომენტარები