პოლიტიკა
პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში სწავლას დააფინანსებს
2013-03-28 12:55:43
ჩამოტვირთვა
უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულ საქართველოს მოქალაქეებს სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს პრეზიდენტი სარეზერვო ფონდიდან დააფინანსებს. შესაბამის დადგენილებას მიხეილ სააკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა და ის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, დაფინანსების მიღება კონკურსის საფუძველზე მოხდება. პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, უკვე შეიქმნა საკონკურსო კომისია. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, რომლის ასაკი არ აღემატება 40 წელს და რომელიც მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით ჩაირიცხა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 10 ივლისის ჩათვლით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოებს.
კომენტარები