პოლიტიკა
ხათუნა ბერძენიშვილის მიმართვა მოამბის გუნდს
2013-03-06 15:34:14
ჩამოტვირთვა
„ჩვენი დღე აქ ღამით იწყებოდა, დიდი პასუხისმგებლობა იყო, როდესაც მთელი მსოფლიოს ახალი ამბები ჩვენს სამუშაო მაგიდაზე იყრიდა თავს
ჩვენი საქმის მიზანი და შედეგი საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება იყო ჩვენ გვქონდა პროფესიული ამბიცია ვყოფილიყავით პირველები“
ეს არის ტექსტი რომელსაც თითოეული თქვენგანი, როგორც პირობას, საინფორმაციო გამოშვების დაწყების წინ საზოგადოებას აძლევს. ეს იყო იდეა, რომლის გარშემოც ჩვენ 4 წლის წინ გავერთიანდით და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასე იწყებოდა ჩვენი ყველა სამუშაო დილა.
ახალი ამბები, ბევრი ფიქრი ,შრომა და კამათი იმისთვის, რომ პირველებს გვეთქვა . ამ პროფესიულმა ამბიციამ გაგვაერთიანა, ერთ გუნდად ჩამოგვაყალიბა და გაგვაკეთებინა საქმე, რომლისთვისაც ჩვენ შრომა, ენერგია და პროფესიონალიზმი არ დაგვიკლია. მადლობა თითოეულ თქვენგანს,
ჩვენ არ გვრცხვენია ჩვენი მუშაობის არც ერთი დღის, არც ერთი გამოშვების, არც ერთი რეპორტაჟის. თქვენ სუფთა პროფესიული სინდისით გამოიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი, პოლიტიკურ მიზნებზე გათვლილი სირცხვილის დერეფანი, საკნების აქციები, წინასაარჩევნო ბატალიები, რუსული აგრესია.
დღეს საკმაოდ რთულ ვითარებაში გიწევთ მუშაობა, ჩვენს პროფესიაში სამწუხაროდ, უფრო მეტი მედროვეა, ვიდრე პროფესიონალი. ეხლაც იგივეს გირჩევთ, რასაც ყველა კრიზისულ სიტუაციაში გიმეორებდით: ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერი იარაღი პროფესიონალიზმია, ყველაზე დიდი პატრიოტიზმიც პროფესიონალიზმია. ეს არ იყიდება და არ იცვლება მოკლევადიან ინტერესზე, რადგან მისი საბოლოო მიზანი იდეის სამსახურია. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასე ფიქრობს თითოეული თქვენგანი, მთავარი მიზანი სუფთა პროფესიული რეპუტაციით იდეის სამსახურია კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს .
კომენტარები