პოლიტიკა
ივანიშვილის გუნდში განხეთქილებაა?
2013-02-01 15:26:19
ჩამოტვირთვა
"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, საჯარო განცხადებამდე დავით საგანელიძეს მათთან საუბარი ჰქონოდა. "თავისუფალი დემოკრატების" წევრების სხვადასხვა პროცესში რაღაცა ფორმით მონაწილეობის საკითხი ჩემთვის ცნობილი არ არის. მე ამას ვიგებ საჯაროდ, დათოს მხრიდან. მე პირადად არ მქონია მასთან ამ თემაზე საუბარი. ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, პრევენციის თვალსაზრისით, რომ ჯერ კომუნიკაცია შემდგარიყო, მაგრამ დავითმა ასე ჩათვალა საჭიროდ და ამიტომაც საჯაროდ გავიგეთ მისგან. დათოს დიდი ხანია ვიცნობ და არ მგონია, კომუნიკაციის რაიმე პრობლემა ყოფილიყო, მაგრამ ალბათ, ვინმესთან იყო კიდეც საუბარი, ამას გავარკევ", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ
მისივე განმარტებით, პარტიის რეგიონული წევრების ქმედებებს შეისწავლიან და "თუ ყველაფერი ისეა, როგორც დავით საგანელიძე ამბობს, ყველა პასუხს მიიღებს".
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დავით საგანელიძე "თავისუფალ დემოკრატებს" რაიონული ორგანიზაციებიდან რიგი წარმომადგენლების გარიცხვის მოთხოვნით მიმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ "სხვა დასკვნებს გამოიტანს".
საქმე სხვადასხვა რაიონებში, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებისას მომხდარ ინციდენტებსა და ჩაშლილ კონფერენციებს ეხება, სადაც დავით საგანელიძემ, როგორც თავად აცხადებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან ერთად , "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებიც "ამოიცნო".
კომენტარები