პოლიტიკა
გიგი უგულავა – კბილაშვილს ვერ გაუგია სამსახურეობრივი მოვალეობები
2013-02-01 11:53:28
ჩამოტვირთვა
თბილისის მერი გიგი უგულავა მთავარ პროკურორს უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებს და მოვალეობებში გარკვევას ურჩევს .
არჩილ კბილაშვილის საპასუხოდ გიგი უგულავამ განცხადება გაავრცელა, გთავაზობთ ფრანგმენტს განცხადებიდან:
"მთავარი პროკურორის სატელევიზიო გამოსვლიდან ნათლად ჩანს, რომ მას ვერ გაუგია სამსახურებრივი მოვალეობები, თავს მიიჩნევს პოლიტიკურ ბრალმდებლად, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ხსენებული გამოძიების პოლიტიკურ მოტივაციას, დააშინოს და დააშანტაჟოს ყველა ის ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის მომხრე იყო. მისი საუბარი მთლიანად ცდება პროკურორის უფლება-მოვალეობებს.
ის ასევე სრულიად შეგნებულად ახდენს ფაქტების გაყალბებას, როცა ამბობს, რომ არსებული გამოძიება ემთხვევა დასუფთავების ტარიფის ამოქმედებას. ფინანსური პოლიციის ბრიფინგიდან ჩანს, რომ პრეტენზია ვრცელდება 2009 წლის 31 დეკემბრის საქმესთან დაკავშირებით და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ თანხვედრა ამ ორ ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელ მოვლენას შორის არ არსებობს.
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა, რომ შპს "თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ.
მისივე თქმით, გამოძიებას აღნიშნულ საქმეზე უგულავასთან ექნება კითხვები, რადგან "ნაცმოძრაობის" 764 აქტივისტის დასაქმებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურის შექმნის გადაწყვეტილება უგულავამ პირადად მიიღო. ამასთან, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს და აცხადებს, რომ ბრალეულთა პასუხისგებაში მიცემა უახლოეს დღეებში გადაწყდება.
საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური შპს "თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა.
კომენტარები