მსოფლიო
პრეზიდენტის ინიციატივები და მინიშნებები
2013-01-17 19:35:13
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა:
სამი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ
1. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია;
2. კანონპროექტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ;
3. სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიების შესახებ
(დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, იმის მიუხედავად, იყო თუ არა ის მარჩენალი, მიეცეს პენსია და არა ერთჯერადი დახმარება; სამხედრო პენსია გაიზარდოს და გახდეს სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობის; იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც თავის დროზე გადავიდნენ სახელმწიფო პენსიაზე, სამხედრო პენსიის სიმცირის გამო, მიეცეთ საშუალება სამხედრო პენსიაზე გადმოსვლის და იმ პირებს, რომლებსაც ეძლევა სამხედრო პენსია და აქვთ სახელმწიფო სამსახურში ყოფნის სურვილი, შეუნარჩუნდეთ სამხედრო პენსია).
ივანიშვილის განცხადებაზე აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე
საქართველოს პრეზიდენტმა "დანაშაულებრივი და ანტისახელმწიფოებრივი, ოკუპანტების ინტერესების შესაბამისი განცხადება" უწოდა საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ სომხეთში გამოთქმულ პოზიციას აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ. "იმ დროს, როცა რუსეთის რკინიგზას მიტაცებული აქვს აფხაზეთის რკინიგზა სრულიად უკანონოდ, ამ თემაზე ლაპარაკი ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის შემცველია და მე ვფიქრობ, რომ ის, ვინც ამ განცხადებას აკეთებს, ან საერთოდ არაა აზრზე გეოპოლიტიკური ვითარების შესახებ, ან შეგნებულად ასხამს წყალს ოკუპანტთა გეგმებს. იმედი მაქვს, ეს გაუაზრებელი განცხადებაა და თუ გააზრებულია, ძალიან საშიშია, რადგან ამას ამბობს საქართველოს მთავრობა".
ბექა გოჩიაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე
"ძალიან ბევრი უცნაური ადამიანი გამოდის ციხიდან. გამახსენდა გურამ დოჩანაშვილის ნათქვამი, როცა მწერალთა კავშირის წევრთა რაოდენობა გაიგო - ოთხასი მწერალი საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ არისო. საქართველოში კი, თურმე 200 პოლიტპატიმარი გვყოლია - ამდენი პოლიტიკოსი არაა ქვეყანაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბექა გოჩიაშვილის საკითხზე საუბრისას: "ამ დროს კი 16 წლის გენიოსს ასეთ საგანგაშო დაკითხვას უწყობენ. ის შეკითხვა, რაც ბექა გოჩიაშვილს დაუსვეს, ძალიან მომხვდა გულზე, რადგან მას უთხრეს: "შენ, ბიჭო, მიშას დრო ხომ არ გგონია?". ის ბიჭი ალალად გაოგნებული იყო - ეს ხომ მისი ქვეყანაა? ხვალ რომ გვითხრას, კარგად იყავით, ჩემს თავს თვითონ მივხედავო და ქვეყნიდან წავიდეს, საქართველოს სირცხვილი იქნება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
აპირებს თუ არა მთავრობის გადაყენებას ან პარლამენტის დათხოვნას
"ნუ ეძებენ ბნელ ოთახში კატას, როცა ის იქ არ არის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, აპირებს თუ არა მთავრობის დათხოვნას. "ჩემი მიზანი არ არის მთავრობის ჩაფლავება, მე მათ სრული კარტ-ბლანში მივეცი, რათა გააკეთონ ის, რასაც მოსახლეობას დაპირდნენ, თუ ამის სასწაულებრივი შანსი ჯერ კიდევ არსებობს. არანაირი გეგმები არ მაქვს ამ მიმართულებით", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ზურაბ ადეიშვილზე და მის ბრალმდებლებზე
"ზურაბ ადეიშვილს ყველაფერი შეიძლება დააბრალო, მათ შორის შეცდომებიც, გარდა კორუფციისა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა შეკითხვის პასუხად, რას იტყვის ზურაბ ადეიშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე: "არსებობს გრძელი სია კონკრეტული ადამიანებისა, რომლებიც გააგდეს კორუფციისთვის და დღეს არიან ზურა ადეიშვილის მთავარი ბრალმდებლები. არ მინდა ამ სიას ჩამოვყვე, ჟურნალისტები ხართ და გამოიძიეთ, მეც შემიძლია წაგეხმაროთ არაოფიციალურად", - თქვა სააკაშვილმა.
პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომეტირებელი კადრების შემგროვებლებზე
"ერთი შემთხვევა მითხარით, როცა ისეთი კადრები, სადაც ასახულია ადამიანის პირადი ცხოვრება, სადმე გამოჩნდა ან გავრცელდა. ამის შემდეგ მივიღებ ბრალდებებს, თორემ ისე მნიშვნელობა არა აქვს, ისინი რას ამბობენ, ვინც სამ თვეში სამი უხეში შეცდომა დაუშვა ამ მიმართულებით. მე ამ საკითხს მკაცრად ვაკონტროლებდი, ამიტომ ბრალდებებს ვერ მივიღებ, რადგან თუ ამას სპეცსამსახურები ქმნიან, ის აუცილებლად, ერთხელ მაინც მოხვდება სადმე, ჩვენი ხელისუფლების დროს კი ასეთი კადრები არსად არ გავრცელებულა. რა აზრი აქვს შეგროვებას, თუ არ გავრცელდება?", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პოლიტიკურ ჭორვილიზაციაზე და ნაცმოძრაობის მომავალზე
„პოლიტიკური ჭორვილიზაცია, ანუ იმის იმედი, რომ არ იმუშავებ, მაგრამ ზოგჯერ შენთან ვინმე მოვა, უფასოდ გაჭმევს ან მაცივარს გაგივსებს, არის სრული უტოპია, ისევე როგორც ფაქტია, რომ რუსეთთან თვალების პაჭუნითა და იმით, რომ ერთ დროს იქ კონიაკები დაგვქონდა, არაფერი არ გამოვა“, - აცხადებს პრეზიდენტი: „ჩვენ ვართ „ფეისბუქის“ თაობის პარტია და ვცდილობთ, ახალგაზრდა თაობას გავუხსნათ გზა პოლიტიკურ ასპარეზზე დამკვიდრებისთვის“, - თქვა მან „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალზე საუბრისას.
20 იანვრიდან პრეზიდენტის წინააღმდეგ დაგეგმილ გამოსვლებზე
„ჯობია, ეს ხალხი დაკავდეს საქმით, ვიდრე ყოველდღე იფიქროს იმაზე, თუ როგორ გამოიყვანოის ხალხი ოპოზიციის წინააღმდეგ. არ ვიცი, რომელ პოლიტიკურ სახელმძღვანელოში ამოიკითხეს, მაგრამ ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, მთავრობა, რომელიც დაკავებულია ოპოზიციისთვის მიტინგების მოწყობით. ასეთი რამ მხოლოდ ერთი ხელისუფლების დროს მახსენდება საქართველოში, რომლის სათავეშიც უდიდესი იდეების მქონე ადამიანი იდგა, მაგრამ მთავრობის შემადგენლობა იყო ჭრელი და ის დაკავებული იყო ოპოზიციისთვის მიტინგების მოწყობით. ჩემი გამოგონება ნამდვილად არ არის, რომ ასეთ შემთხვევაში მთავრობა ამტავრებს ძალიან მალე, ძალიან ცუდად და ძალიან მტკივნეულად. ესაა ჩემი ბოლო „სიბრძნე“, რომელიც შემიძლია მთავრობას გავუზიარო“.
კომენტარები