მსოფლიო
პუტინი – საქართველოს ახალი მთავრობისგან პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ
2012-12-20 15:25:25
ჩამოტვირთვა
საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან ჯერ თავშეკავებულ, მაგრამ პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთთან ურთიერთობაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას. პუტინის თქმით, რუსეთმა ამას გასცა ადეკვატური პასუხი, რაც იმაში გამოიხატება, რომ საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი შეხვდა.
პუტინის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ჩიხში საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა, საიდანაც გამოსვლა რთულია.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ წაიღებს უკან აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას. მისი თქმით, თავის მხრივ საქართველოს მთავრობა არ აპირებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას და აქედან გამომდინარე, რუსეთის პირველ პირს ვერც კი წარმოუდგენია "ამ შემთხვევაში, რა შეიძლება მოხდეს".
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება, მათ შორის ეკონომიკური კუთხით და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა საქართველოს უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე რუსეთს.
"ჩვენი სურვილია, რომ საქართველოსთან ურთერთობები იყოს ნორმალიზებული, თუმცა რთულს საკითხებზე რა იქნება, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ჯერ პასუხი არ მაქვს",-დასძინა პუტინმა.
კომენტარები