მსოფლიო
ირაკლი ოქრუაშვილი დაკავების შემდეგ გლდანის ციხეში გადაიყვანეს
2012-11-20 12:27:01
ჩამოტვირთვა
ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც ძებნილი, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოქრუაშვილის საქართველოსკენ დაძვრის შესახებ გუშინ შეიტყო, როდესაც იგი ბიძასთან ერთად საზღვარს მოუახლოვდა.
"ვიცი, რომ ოქრუაშვილი ბიძასთან, ზურაბ გიგუაშვილთან ერთად გუშინ ღამე გადმოვიდა საქართველოს საზღვარზე. ის, როგორც ძებნილი დაკავებულია გიგუაშვილთან ერთად და შესახლებულია გლდანის მე-8 დაწესებულებაში. ჩემი ვარაუდით მისი დაბრუნება იმას ემსახურებოდა, რომ მან ქვეყნის შიგნით დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და იპოვოს სიმართლე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა პირობებში გააძევეს ის ქვეყნიდან და რაც არ უნდა დამნაშავედ ყოფილიყო მიჩნეული, არავის აქვს უფლება ძალით ჩასვას თავისი მოქალაქე თვითმფრინავში", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ოქრუაშვილის მისამართით არაერთი პროცედურა მიმდინარეობს. მათ შორის, როგორც მინისტრმა აღნიშნა, პარლამენტი მას პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს.
"ამ ფაქტზე ნამსჯელი აქვს გერმანიის და საფრანგეთის სასამართლოებს, რომლებმაც იგი თავის დროზე ლტოლვილის სტატუსით აღჭურვეს. ვუერთდები პოზიციას, რომ ოქრუაშვილი "ნაციონალური ხელისუფლების" მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილი იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად ყველა სავარაუდო ბრალდებასთან დაკავშირებით უდანაშაულოა. ამას სჭირდება გამოძიება. არსებობს არაერთი სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ორგანიზებასთან დაკავშირებული ბრალდება 2011 წლის მაისის მოვლენების წინ. დაგვხვდა ბევრი ეპიზოდი, როგორც სისხლის სამართლებრივი მემკვიდრეობა. ოქრუაშვილის დაბრუნების მიზანი ვფიქრობ არის, რომ მან აქ ამტკიცოს საკუთარი სიმართლე", - აღნიშნა წულუკიანმა.
კომენტარები