მსოფლიო
მოსკოვი მზად არის, "ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი განიხილოს"
2012-11-15 12:17:35
ჩამოტვირთვა
რუსეთი მზად არის, ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი განიხილოს. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება , ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი დენისოვმა განაცხადა.
"თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ შემთხვევაზე, საქმე ეხება ქართული ღვინის დაბრუნებას რუსეთის ბაზარზე. საკითხის პრაქტიკულად შესწავლის სურვილი ორივე მხარეს არსებობს", - განაცხადა მან.
ამასთან, "რია ნოვოსტის" მოჰყავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ საქართველო შეეცდება, უკვე მიმდინარე წელს რუსეთის ბაზარზე შეიტანოს წლევანდელი ციტრუსის მოსავალი.
რუსული გამოცემები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით კირვალიძე, თავის მხრივ, აცხადებს - ქართული მხარე მზად არის, მიიღოს რუსი ექსპერტები საექსპორტო პროდუქტის ხარისხის შესასწავლად.
როგორც ცნობილია, რუსეთის ტერიტორიაზე ქართული ღვინის შეტანა 2006 წელს აიკრძალა. ფორმალურად ამას საფუძვლად დაედო "როსპოტრებნადზორის" დასკვნა, რომლის მიხედვითაც დარღვეული იყო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმები ქართული მხრიდან.
ღვინოსთან ერთად, რუსულმა მხარემ აკრძალა ქართული მინერალური წყლების "ბორჯომისა" და "ნაბეღლავის" რეალიზაცია, ისევე როგორც - მთელი რიგი სოფლის მეურნეობის პროდუქციისა.
კომენტარები