მსოფლიო
„შერჩევითი სამართლის“ პრინციპებით მოქმედება დაუშვებელია“
2012-11-12 19:12:52
ჩამოტვირთვა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯოზე მანუელ ბაროზომ ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მისი განაცხადებით, ივანიშვილის ბრიუსელში ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ საქართველო ევროსტრუქტურებთან ურთიერთობას განაგრძობს.
„საქართველო არის აღმოსავლეთპარტნიორობის წევრი ქვეყანაა და ევროკავშირს სურს საქართველო ევროსტრუქტურებს დაუახლოვდეს. მე და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძალიან ღია საუბარი და აზრთა ურთიერთგაცვლა გვქონდა. პატივისცემას გამოვხატავ როგორც სააკაშვილის ასევე ივანიშვილის მიმართ, ვინაიდან ხელისუფლების გადაბარების პროცესი მშვიდ ვითარებაში დაიწყო. ვიყენებ შესაძლებლობას და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ საკუთარი შესაძლებლობები და ძალაუფლება ისე გამოიყენონ, რომ კონსტრუქციული პოლიტიკური ატმოსფერო შენარჩუნდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედის საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტრესებში.“
ბაროზომ მიმართვაში აღნიშნა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები წარმატებული იყო და შეფასდა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული, თუმცა, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, დემოკრატიულობა არჩევნების შემდგომ პერიოდში უნდა გამოვლინდეს, ეს უნდა გამოიხატოს როგორც ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დაცვაში, ასევე უმცირესობებისადმი პატივისცემაში. დემოკრატია არჩევნებზე მეტია, რაც გულისხმობს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის არსებულ პოლიტიკურ კულტურას, რაც დემოკრატიულ გარემოში უნდა რეალიზდეს.
„აქედან გამომდინარე, მინდა განვაცხადო, რომ როდესაც ქვეყანას დემოკრატიულობაზე აქვს ამბიცია, „შერჩევითი სამართლის“ პრინციპებით მოქმედება ყოვლადდაუშვებელია, ვინაიდან ეს საერთაშორისო საზოგადოების თვალში ქვეყნის ავტორიტეტს ლახავს და სამართლის სისტემის სისუსტეზე მიუთითებს. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ და ღრმა თანამშრომლობას, რათა მივაღწიოთ შედეგებს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.“
გამოსვლის დასასრულს, ბაროზომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებს და დაეხმარება ქვეყანას, რათა მისი უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა იყოს დაცული.
კომენტარები