მსოფლიო
ექსკლუზიური ინტერვიუ ბაჩო ახალაიასთან
2012-11-11 17:50:07
ჩამოტვირთვა
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მის დაკავებას "წმინდა წყლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად" აფასებს. ამის შესახებ ახალაიამ "ლიბერალთან" საკანში ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობა. მოწმეზე აგებული ჩვენებებით ამხელა ბრალის წაყენება ძალიან რთულია. პირდაპირ გეტყვით, ორშაბათს აღძრულ საქმეზე, რომელიც მხოლოდ მოწმეებს ეყრდნობა, ორშაბათსვე ადამიანის დაკავება შეიძლება?! არ ვიცი, ვის რისი შეეშინდა, მაგრამ ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის ზურგსუკან არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ძალიან გაბედული მოსამართლე უნდა იყოს, რომ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება მიიღოს.
როცა ვბრუნდებოდი, მეგონა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მექნებოდა. თუნდაც აი ასე, ჟურნალისტებთან. ჩემზე ხომ ბევრი რამ ვრცელდებოდა, ის ბრალდებები, რითაც დამაკავეს, გაგიგიათ?! გსმენიათ?! ყველა დანარჩენ ბრალდებაზე მე კონკრეტული პასუხი მაქვს. ვინმემ შეიძლება ზოგი რამ გადაცდომად ჩათვალოს, მაგრამ კრიმინალი არსად იყო.
ჩემი დაკავება რომ პოლიტიკური მოტივითაა ნაკარნახევი, ადვილი მისახვედრია. ავიღოთ ბოლო ერთი წელი, რამდენ კონტექსტში მახსენეს უარყოფითად! ალასანიამ უშიშროების საბჭოს გადასცა სიები, თითქოს უკანონო ბანდფორმირებების. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ბრალდება იყო. სად არის ახლა ის სიები? იქ კონკრეტული გვარები იყო ჩამოთვლილი. გეხსომებათ ბრალდება, რომ ბინებში გატანილი გვაქვს იარაღი და სისხლისღვრას ვაპირებდით. სად არის ის ბინები? სად არის სისხლისღვრა? სად არის მტკიცებულებები?!", - განაცხადა ახალაიამ.
მისივე თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში მიესალმება, რომლითაც კალანდაძე და შამათავა გირაოთი გაათავისუფლეს. "მაგრამ ვერ დავეთანხმები იმას, რაც ჩემთან მიმართებაში გააკეთეს. რა აუცილებელი იყო პატიმრობის შეფარდება იმ პირობებში, როდესაც მე არსად გაქცევას არ ვაპირებდი?", - აღნიშნა ახალაიამ.
ამასთან, ახალაია მისი ქვეყნიდან გასვლის მიზეზსაც განმარტავს:
"ის ერთთვიანი პერიოდი ყველა ვარიანტში უნდა გავსულიყავი იმ მიზეზის გამო, რომ დამატებითი პროვოკაციები არ მომხდარიყო". მისივე თქმით, მან ის ერთთვიანი პერიოდი არა ბრაზილიაში, არამედ სტამბულში გაატარა.
ახალაიამ იზოლატორში მისადმი მოპყრობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
"ადმინისტრაციის მადლიერი ვარ, თავის საქმეს პროფესიონალურად აკეთებენ. ყველაფერი წესრიგშია. რასაც ხედავთ, მეტ-ნაკლებად ეს ჩემი იზოლაციაა. ადმინისტრაცია ცდილობს ამას ხელი შეუწყოს, თუმცა ციხეში ჩემი იზოლაცია გარანტირებული ვერასოდეს იქნება. დღესვე რომ არავინ მეტაკებოდა, ეგ გასაგებია. საზოგადოების ინტენსიური ყურადღების ქვეშ ვარ", - აღნიშნა ბაჩო ახალაიამ "ლიბერალთან" ინტერვიუში.
კომენტარები