პოლიტიკა
სოზარ სუბარი - ყველა პატიმარი, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება
2012-11-05 12:22:46
ჩამოტვირთვა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი ციხეებში შექმნილ ვითარებას ყოფილ ხელისუფლებას უკავშირებს და აცხადებს , რომ დღეიდან ყველა მსჯავრდებული, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება.
"ყველაზე სუსტი წერტილი იყო მკაცრი რეჟიმის დაწესებულებები და სწორედ იქიდან დაიწყო ყოფილმა ხელისუფლებამ ზეწოლები. მათ აქვთ არეულობების გარკვეული ბერკეტები და ამას იყენებენ, თუმცა ყველაფერი აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს. ამ დღეებში გამოვლინდა ერთი რამ – მაშინ როცა გარეთ იყო ხმაური და ამტკიცებდნენ, რომ შიგნით სპეცრაზმია შესული და პატიმრებს სცემენ, სინამდვილეში იყო აბსოლუტური სიწყნარე. შიგნით არაფერი ხდება, თუმცა გარეთ ხდება ვითარების შეგნებული დაძაბვა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე განმარტებით, დღეიდან როგორც მსჯავრდებულების, ისე სასჯელაღსრულების დაწესებულებების გარე პერიმეტრზე მყოფი ადამიანების მიმართ გატარებული იქნება ყველა ის ღონისძიება, რასაც კანონი ითვალისწინებს.
"რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ამ ყველაფერზე მკაცრი რეაგირება არ მოგვეხდინა, თუმცა დღეიდან გატარებული იქნება ყველა ნორმა, რაც კანონშია გაწერილი. უფრო კონკრეტულად, ორთაჭალის #1 დაწესებულებაში გუშინწინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა საქმე ექვსი მსჯავრდებულის მიმართ, რომლებმაც არეულობის მოწყობა სცადეს. ექვსივე მათგანი იქნება დასჯილი. რაც შეეხება ქსანში წუხელ მომხდარ ფაქტს, როცა შეურაცხყოფა მიაყენეს ჯარისკაცს და იყო დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა, მოკვლევა ამ საქმეზეც დავიწყეთ და მასალები შსს-ს გადაეცა. თავად პატიმრების მიმართ, რომლებიც ამ ინციდენტში ფიგურირებდნენ, ამ ეტაპზე არანაირი ღონისძიება არ იქნება გატარებული იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა დღეიდან ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, იქნება მკაცრი ზომები გატარებული, მათ შორის დაისჯება ყველა ის ადამიანიც, რომელიც იგივეს გამეორებას გარეთ ეცდება", - აღნიშნა მინისტრმა.
გარდა ამისა, მან მოქალაქეებს შეახსენა, რომ კანონის მიხედვით სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 20 მეტრის პერიმეტრზე არანაირი მიტინგის მოწყობა არ შეიძლება და განმარტა, რომ ყველას მიმართ, ვინც ამ მითითებას დაარღვევს, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ადმინისტრაციული ღონისძიება იქნება გატარებული.
კომენტარები