მსოფლიო
ბიძინა ივანიშვილი პრემიერად მუშაობას ოფიციალურად შეუდგა
2012-10-29 11:58:09
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. პრემიერი სახელმწიფო კანცელარიაში იმყოფება და, როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი დღის სამუშაო გრაფიკი საკმაოდ დატვირთული აქვს.
"შეხვედრები მაქვს დანიშნული ჯერ დავით საგანელიძესთან, შემდეგ მაია ფანჯიკიძესთან, დავით კირვალიძესთან, ირაკლი ალასანიასთან. 13.00 საათზე კი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მოვა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული შეხვედრების შემდეგ, უკვე 15:00 საათზე მთავრობის სამუშაო სხდომა გაიმართება.
"ყველა სამინისტროს დაკომპლექტება უნდა დასრულდეს. მოადგილეები უნდა დავამტკიცოთ, ამის შემდეგ მომზადდება გრაფიკი, თუ რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი. ამ პროცესს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ორი კვირის თავზე არ არის გამორიცხული, საზღვარგარეთ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგეს.
კომენტარები