პოლიტიკა
შაშკინი: მე-9 არხზე გაჟღერდა ამაზრზენი ტყუილი
2012-10-28 16:03:40
ჩამოტვირთვა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი მეცხრე არხზზე მის შესახებ გასულ სიუჟეტს გამოემაურა. შაშკინმა სპეციალური განცხადება საკუთარ ფეიბუქ გვერდზე გააკეთა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემი მისამართით აგორებულია ბინძური და უზნეო კამპანია. არ ვაპირებ, თავი შევიკავო და დავუშვა, რომ ჩემ სახელთან ასოცირებული იყოს პასუხგაუცემელი ბრალდებები. გუშინ მე-9 არხზე გაჟღერდა ამაზრზენი ტყუილი. ყველა ბრალდება ჩემსა და ჩემი გუნდის მიმართ იყო აბსოლუტური ცილისწამება და სიცრუე.
2011 წელს ძალაში შევიდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 1-6 კლასებისთვის, შესაბამისად, კანონის მიხედვით, დღის წესრიგში დადგა სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხი. ეს იმას ნიშნავს, მე კი არ გავაუქმე სახელმძღვანელოების ლიცენზიები, როგორც ეს სიუჟეტშია ნათქვამი, არამედ, კანონის მოთხოვნის მიხედვით, გამომცემლებს მოუწია 1-6 კლასების სახელმძღვანელოებისთვის ახალი გრიფირების მიღება.
2011 წელს, შუამავლის მეშვეობით, დამიკავშირდა სიუჟეტში ნაჩვენები პიროვნება და მთხოვა პირისპირ შეხვედრა. შეხვედრა პრობლემა არასოდეს არ იყო, რადგან მე გამომცემლებს ყოველთვის ვხვდებოდი, ოღონდ - საჯაროდ. თუმცა, აღნიშნულ პიროვნებას უნდოდა ჩემთან პირისპირ შეხვედრა და უკვე ადვილი მისახვედრი იყო, რომ მას უნდოდა კანონსაწინააღმდეგო წინადადების გაკეთება. ამ განზრახვის შესახებ იმავე დღეს შევატყობინე შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას. შედეგად, სამართალდამცავმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ დაგეგმილიყო სპეციალური ოპერაცია, რათა აღკვეთილიყო უკანონო ქმედება და დამნაშავეების დაკავება მომხდარიყო კონკრეტულ ფაქტზე.
სწორედ ამ მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოავლინეს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც დაგეგმეს და აღასრულეს დაკავების ოპერაცია. რაც საზოგადოებამ იხილა სიუჟეტში, ეს იყო მათი ოპერატიული მუშაობის კადრები. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ დამნაშავეები დაეკავებინათ თანხის გადაცემის მომენტში და სწორედ ასეც მოხდა.
ქრთამის გადაცემის მომენტი გადაღებული იყო და შემდგომში ტელევიზიებითაც არაერთხელ გადაიცა. ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც, საუკეთესო მოსწავლეებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტის სასახლეში და აღნიშნა, რომ შაშკინი ქრთამებს არ იღებდა და მიმართა სხვებს, რომ მომავალში ნურავინ ეცდება ამის გაკეთებას. ყველა ეს ფაქტი არის სატელევიზიო არქივებში და ძალიან მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება. მე ვადასტურებ, რომ ამ ადამიანებს, ქრთამის სახით, უნდოდათ, ჩემთვის შემოეთავაზებინათ 50,000 აშშ დოლარი და მათი ბიზნესის გარკვეული წილი.
ნათქვამია დიმიტრი შაშკინის განცხადებაში
კომენტარები