პოლიტიკა
საქართველო მსოფლიოს ბიზნესათეულში
2012-10-23 18:35:05
ჩამოტვირთვა
მეცხრე ადგილი ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით, ასეთია დღეს გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ანგარიში საქართველოსთან მიმართებით. ქვეყანა, რომელიც ბოლო პერიოდში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა, წლის ბიზნეს ათეულში აღმოჩნდა.
მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს წარმატებული მაჩვენებელი იყო აგრარულ უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის მთავარი თემა.
ჯამში მეცხრე ადგილზე გასულმა საქართველომ ცალკეულ ნომინაციებში უკეთესი შედეგებიც აჩვენა. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ქონების დარეგისტრირება ყველაზე ადვილია. საქართველომ მოწინავე მესამე ადგილი დაიკავა მშენებლობის ნებართვის მიღების მიმართულებით, საბანკო სესხების გაცემის კუთხით კი ვრცელ სიაში ქვეყანა მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.
141-ე ადგილიდან 9-ე პოზიციაზე, ასეთია კლებადობის მონაცემები შევარდნაძის მთავრობის ეპოქასა და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შორის. შეინარჩუნებს თუ არა კლებადობის მაჩვენებელს ახალი მთავრობა და გაგრძელდება თუ არა ბიზნესის კეთების მიმართულებით დადებითი ტენდენციები. დღეს ექსპერტები ახალი ხელისუფლების შანსებზე საუბრობენ.
ბიზნესის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების გარდა მსოფლიო ბანკის ანგარიშში ასევე ასახულია საქართველოს მიღწევები კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. ამ წარმატების მიღწევის ძირითად ფაქტორებად ანგარიშში ძლიერი პოლიტიკური ნება, მთავრობის შიგნით მჭიდრო თანამშრომლობა, სახელმწიფოს როლის შემცირება, ახალი კადრების მოზიდვა, არატრადიციული მეთოდების გამოყენება, საერთაშორისო გამოცდილების საქართველოს რეალობაზე მორგება და ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საშუალებების ეფექტური გამოყენება სახელდება.
კომენტარები