პოლიტიკა
ვინ გახდება სახალხო დამცველი?
2012-10-22 19:39:10
ჩამოტვირთვა
ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის კანდიდატურას. როგორც ცნობილია, ამ პოსტზე ოთხი კანდიდატურა განიხილება: იურისტი ლია მუხაშავრია, სამართალმცოდნე – თამარ გურჩიანი, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.
სახალახო დამცველის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა. წარმოდგენილ კანდიდატთა შორის დიმიტრი ლორთქიფანიძე ერთადერთია, რომელიც ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა; მან, ზვიად ძიძიგურთან ერთად ეკა ხოფერიას13 დეკემბრის გადაცემაში სტუმრობისას სექსუალური უმცირესობები არაერთხელ შეადარა ზოოფილებს, ნეკროფილებს, პედოფილებს, გერონტოფილებს, რეციდივისტებს და მათ ავადმყოფები უწოდა. დიმიტრი ლორთქიფანიძემ საკუთარი დამოკიდებულების საილუსტრაციოდ ამერიკელი მკვლევარის, პოლ კემერონის ციტატა გაიხსენა:
„ჰომოსექსუალები არიან სახიფათონი იმიტომ, რომ მათი ერთ-ერთი სტრატეგია არის ჩათრევა ჰომოსექსუალობაში. ისინი არიან ძირგამომთხრელები და ხდიან ადამიანებს მოღალატედ ოჯახის, სახელმწიფოსი და ღმერთის. მე პირადად გულით და სულით ვიზიარებ ამ თეზას,“ -განაცხადა ლორთქიფანიძემ.
თუმცა, დღეს ომბუდსმენობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პოზიცია რადიკალურად შეიცვალა და ჟურნალისტებთან შეხედრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანი, მისი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად თანაბრად უნდა იყოს დაცული.
საზოგადოების ნაწილი მხარდაჭერას ადვოკატ ლია მუხაშავრიას უცხადებს. მუხაშავრიას მომხრეები მიიჩნევენ, რომ „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ აღმასრულებელ დირექტორს შესაბამისი იურიდიული განათლება აქვს და დაკისრებული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას შეძლებს.
არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად „ახალგაზრდა იურისტები“ მხარდაჭერას უცხადებენ, თამარ გურჩიანის კანდიდატურას. როგორც ცნობილია, თამარ ჩუგოშვილმა საკუთარი კანდიდატურა სწორედ მის სასარგებლოდ მოხსნა. თამარ გურჩიანი არის მაღალკვალიფიციური სამართალმცოდნე, აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება – აცხადებენ ახალგაზრდა იურისტები
წარმოდგენილ კანდიდატთაგან, მთელი ამ დროის განმავლობაში, ყველაზე ნაკლებად ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აქტიურობდა. როგორც ცნობილი გახდა, ადვოკატი დიდხანს ყოყმანობდა ამ შემოთავაზების მიღებამდე. დღეს ადვოკატთა ასოციაციისა და 35 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჯარო განცხადება გააკეთეს და საზოგადოებას აცნობეს, რომ მხარს გელა ნიკოლაიშვილის კანდიდატურას უჭერენ.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ გელა ნიკოლაიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს ის 36 პატიმარი, რომელთაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი სახალხო დამცველთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
კომენტარები