1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"თეთრ სამარეში" ჩაკარგული საფლავები...

ჩამოტვირთვა

ორი ზეწარი, ერთი ჟილეტი, ერთიც შალის კაბა, ერთი მაიკა და სამი წყვილი წინდა... - ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კონსტანტინე ბაგრატიონი გადასახლებაში მყოფ შვილს, თამარ ბაგრატიონ-მიწიშვილს, უგზავნიდა. მე-20 საუკუნის 30-იანი წლები რეპრესიებითა და სისხლიანი დღეებით, განსაკუთრებული სიმკაცრითა და სისასტიკით რომ გამოირჩეოდა, ამის დავიწყება შეუძლებელია. მაშინ სამშობლოს ღალატის ბრალდებით ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი დააკავეს. ზოგი გადაასახლეს, ზოგსაც დახვრეტა მიუსაჯეს. ყველაზე გულისგამგმირავი კი ის იყო, რომ დედებს, ცოლებს, ერთგულ ქალებს არ ასცდათ რეპრესიის მსახვრალი ხელი და ისინი შუა აზიის ტრამალებში გადაასახლეს. იმ დილით ეთერმა, საახალწლოდ, სოფლიდან გამოგზავნილი ამანათი მიიღო. ოთხი მცირეწლოვანი შვილი რომ დააძინა, მაშინღა შეუდგა ნობათის ამოლაგებას. უცებ კარზე ძლიერი კაკუნის ხმა გაისმა. ვიღაც ისე გამეტებით აბრახუნებდა მუშტს, რომ აკვანში მწოლიარე 9 თვის შოთიკოსაც კი გაეღვიძა და ტირილი მორთო. კარი ოჯახის უფროსმა გააღო და სახლში შავ ქურთუკებში ჩაცმული მამაკაცები შეცვივდნენ. იმ ღამეს ოჯახი შორეულ ყაზახეთში, ჩიმკენტში გადაასახლეს... ნავთლუღის სადგურში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. გამცილებლებსა და გადასახლებულებს შორის მე-8 პოლკი ჩააყენეს და ახლობლებს მათთან გამომშვიდობების უფლებას არ აძლევდნენ. ირგვლივ ტირილისა და გოდების ხმა ისმოდა... თოთხმეტი დღე იარეს საქონლის გადასაყვანი ვაგონებით სიცივესა და ყინვაში, მაღალი ტემპერატურის გამო, გზაში 9 თვის შოთიკო გელოვანი გარდაიცვალა. დედას მკერდიდან ააგლიჯეს ჩვილი და სარკმლიდან გადააგდეს. მას შემდეგ, რაც შსს-ს არქივები გაიხსნა, იმ დროის სისასტიკისა და უსამართლობის შესახებ კიდევ უფრო მეტი გახდა ცნობილი. შსს-ს საარქივო სამმართველომ 1937-38 წლებში რეპრესირებულ ქალთა შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც ცრემლითა და სისხლით დაწერილი ბარათების ნაწილი მოხვდა. რეპრესირებული ქალის მოგონებებში ვკითხულობთ: "ბანაკში ყოფნიდან 5 თვეს 22 ქალი კვლავ დაგვაპატიმრეს და ტომსკში დაგვაბრუნეს, სადაც ბრალად დაგვდეს ტუხაჩევსკის ორგანიზაციის წევრობა. შემაგდეს ოთახში და სტალინის სურათის წინ, ხის უზურგო სკამის კიდეზე დამსვეს. უძრავ მდგომარეობაში თავაწეული უნდა ვმჯდარიყავი. მომიჩინეს ორი სამხედრო მცველი, რომლებიც თვალყურს მადევნებდნენ, თვალი არ მომეცილებინა სტალინის სურათისთვის. მასმევდნენ მხოლოდ წყალს, არ მაძლევდნენ საკვებს. წამების მესამე დღეს დამეწყო პირღებინება. მე-4 თუ მე-5 დღეს დამეწყო ჰალუცინაციები - სტალინის სურათი გაქრა, მის ნაცვლად გაჩნდა კიბე, რომელზეც თეთრ სამოსში გამოწყობილი დები ჩამოდიოდნენ. გაღიმებული ვუყურებდი, რადგან მათში მხსნელებს ვხედავდი. მცველებს ეგონათ, რომ შევიშალე. ვეცოდებოდი და როცა ოთახიდან გამომძიებელი გადიოდა, უფლებას მაძლევდნენ, თავი დამეხარა და სკამზე სრულად მოვთავსებულიყავი, მაგრამ ახლა იატაკზე ბაფთიანი ბავშვები მეჩვენებოდა. მცველებმა ჩათვალეს, რომ საბოლოოდ გავგიჟდი... წამების მე-7 თუ მე-8 დღეს სკამიდან გადმოვვარდი. გამომძიებელს ჩექმის წვერით შეუმოწმებია, ცოცხალი ვიყავი თუ არა და უბრძანებია ჩემი საკანში გადაყვანა". გამომძიებლები, ქალების წამების მრავალ ხერხს მიმართავდნენ, რათა მათ ჩაუდენელი დანაშაული ეღიარებინათ - ზამთარში საკანში უშვებდნენ ორთქლს, შემდეგ კი იქაურობას ყინავდნენ. "ხელებს შემიკრავდნენ, ჯიბეებში შაქარს ჩამიყრიდნენ და ვირთხებით სავსე ოთახში მიშვებდნენ, ვირთხები სულ ზედ დამდიოდნენ" - ვკითხულობთ კიდევ ერთ ჩვენებაში. 1938 წელს აკმოლინსკში, ჩრდილოეთ ყაზახეთში გაიხსნა ქალთა ბანაკი, სადაც სასჯელს საქართველოდან რეპრესირებული ქალები იხდიდნენ. აკმოლა თეთრ სამარეს ნიშნავს. სხვაგვარად ამ ბანაკს "ალჟირსაც" უწოდებდნენ. საბედნიეროდ, დღეს ეს ბანაკი აღარ არსებობს. აკმოლინსკში ქალები ბზისა და თიხისგან ხელით ზელდნენ მასას, ყალიბში დებდნენ, ახმობდნენ ბლოკებად და აშენებდნენ ბარაკებს, კრეჭდნენ ცხვრებს, ხარებით ხნავდნენ მიწას და ასწლოვან ხეებს ჭრიდნენ. თავისუფალ დროს კი მონატრებული შვილებისთვის ცოცხის ჩხირებისგან თოჯინებს ამზადებდნენ. 1937-38 წლებში ე.წ. "სამეულის" მიერ საქართველოში სულ 573 ქალი იყო რეპრესირებული. 163-ს მიესაჯა დახვრეტა. ყველაზე უმცროსი 19 წლის ვერა ვარაზაშვილი იყო. ჭკუის სასწავლებელია ის, რომ ახლო წარსულში არაფრის გულისთვის, სასამართლოსა და გასაჩივრების უფლების გარეშე ასახლებდნენ, აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ ადამიანებს. ეროვნულ არქივში გამოფენილ ერთ სიაში ვკითხულობთ: ვერა ასათიანი - დახვრიტეს, ნინო კასრაძე - დახვრიტეს, ოლია ოკუჯავა - დახვრიტეს... და ეს საშინელი სიტყვა სამოცდასამჯერ მეორდება. შუმი... რეპრესირებული დედისადმი აქვთ მიძღვნილი ლექსები ლადო ასათიანსა და მირზა გელოვანს, რომელიც ყველა ქართველს, ალბათ , ერთხელ მაინც მოუსმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის რეპრესირებულ თამარ ბაგრატიონს ეძღვნება": წუხილით ვთვრები..." სტალინურ რეპრესიებს ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ციმბირის უკიდეგანო სივრცეებშიც მილიონობით რეპრესირებულის საფლავია დაკარგული. ის ადამიანები კი, რომლებსაც გადასახლებიდან შინ დაბრუნება ეღირსათ, სიცოცხლის ბოლომდე ეძებდნენ პასუხს კითხვაზე, თუ რით დაიმსახურეს რეჟიმის სასტიკი და სისხლიანი რეპრესიები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები