მსოფლიო
"ქართული ოცნება" მინისტრობის ყველა კანდიდატს ხვალ დაასახელებს
2012-10-15 22:27:26
ჩამოტვირთვა
"ქართული ოცნების" გუნდში მინისტრობის ყველა კანდიდატზე შეთანხმება მიღწეულია და მათი ვინაობა ხვალ დასახელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის დატოვების შემდეგ განუცხადა.
ბიზნეს-ცენტრში დარჩენილი მინისტრობის კანდიდატების საკითხზე კონსულტაციები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრი სოზარ სუბარის გარდა უკვე დატოვა გია ცაგარეიშვილმა, ნოდარ ხადურმა, დავით საგანელიძემ და გიორგი მარგველაშვილმა. საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ დასახელებულ სავარაუდო კანდიდატებს შორის, რომელთა შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რეალურად განიხილება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა განათლების მინისტრის პოსტზე, ხოლო ნოდარ ხადურის კანდიდატურა ფინანსთა მინისტრად. საგანელიძემ არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე განიხილება მამუკა ნიკოლაიშვილი.
ამასთან, დავით საგანელიძეს ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა დასახელდეს უმრავლესობის ლიდერად "ქართული ოცნების" მხრიდან. მან ეს შეთავაზება არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოოდ ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც შეიკრიბება ახალი პარლამენტი და უმრავლესობა უშუალოდ წარადგენს თავის ლიდერს.
კომენტარები