მსოფლიო
რას წერს Washington Times-ი საქართველოზე
2012-10-11 17:26:07
ჩამოტვირთვა
აშშ-ს თავდაცვის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი, ანალიტიკოსი ლუკ კოფეი საქართველოს შესახებ Washington Times-ში სტატიას აქვეყნებს. სტატიაში - სააკაშვილის მემკვიდრეობა ანუ დემოკრატიული საქართველოს "დამფუძნებელი მამა" - ავტორი არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობს.
"სააკაშვილმა საქართველო დემოკრატიის, ეკონომიკური ლიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის გზით წაიყვანა, მაგრამ ახლა გამორიცხული არ არის, საქართველომ ამ გზიდან გადაუხვიოს, თუ მხედველობაში მივიღებთ ივანიშვილის მჭიდრო კავშირებს რუსეთთან და მის ჭრელაჭრულა კოალიციაში საბჭოთა რევიზიონისტების სიმრავლეს, - წერს ამერიკელი ანალიტიკოსი.
სააკაშვილისა და ვარდების რევოლუციის დამსახურებად მიიჩნევს ავტორი წლევანდელი არჩევნების მშვიდობიან ხასიათს, რომელმაც, მისი აზრით, "საქართველო დააღვინა". კოფეი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს წინ დიდი გამოწვევა ელოდება:
"საქართველო, რომელიც სააკაშვილს ერგო მემკვიდეობად 2004 წელს, დიდად განსხვავდება დღევანდელი საქართველოსაგან. მას სულ უფრო იშვიათად უწოდებენ ყოფილ საბჭოთა ქვეყანას. ახლანდელი საქართველო რეგიონისათვის იმედის შუქურად მიიჩნევა",
- წერს კოფეი.
ამერიკელ ანალიტიკოსს ამის მტკიცებულებად საქართველოს ეკონომიკური წინსვლის დამადასტურებელი საერთაშორისო მონაცემები მოჰყავს და აღნიშნავს, რომ სწორედ სააკაშვილმა აღმოფხვრა კორუფცია ქვეყანაში და საპოლიციო რეფორმა გაატარა. ავტორი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისადმი მზარდი უკმაყოფილება გარკვეული დოზით სწორედ ამ რეფორმების მიერ იყო გამოწვეული
"ამ ანტიკორუფციულმა ლაშქრობამ სააკაშვილს მტრები გაუმრავლა, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის წინა ძველ გვარდიასთან, რომელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი დემოკრატიული რეფორმების მიმართ", "ივანიშვილს კავშირები დასავლეთთან კი არა, მოსკოვთან აქვს. მიუხედავად ბუნდოვანი განცხადებებისა დასავლეთთან კავშირის შენარჩუნების შესახებ, მოიაზრება, რომ მას სურს შეანელოს, ან საერთოდ შეაჩეროს საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, კერძოდ ევროკავშირსა და ნატო-ში. ივანიშვილის კოალიციას ჯერჯერობით არ გამოურიცხავს პუტინის საოცნებო ევრაზიის კავშირში შესვლის შესაძლებლობაც. რაც შეეხება სააკაშვილს, მისი ქმედებები პრეზიდენტის რანგში და მის მიერ არჩევნებში დამარცხების დიდსულოვნად აღიარება - ისტორიაში მას თანამედროვე და დემოკრატიული საქართველოს "დამფუძნებელი მამის" სახელს დაუმკვიდრებს. ამაზე უკეთესი სახელის დატოვებას კი ალბათ, ვერც ერთი მსოფლიო ლიდერი და სახელმწიფო მოღვაწე ვერ ინატრებდა",
- წერს კოფეი.
კომენტარები