მსოფლიო
საქართველო რუსული რევოლუციის ორგანიზებაში მონაწილეობდა?
2012-10-06 12:21:49
ჩამოტვირთვა
რუსულმა ტელეკომპანია "ენ-ტე-ვემ" 2008-2012 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძისა და რუსეთის "მემარცხენე ფრონტის" ლიდერის, სერგეი უდალცოვის შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.
ვიდეოჩანაწერი ნაჩვენებია ფილმში - "ანატომია 2", რომელიც მოსკოვში რუსეთის ოპოზიციის აქციებს ეძღვნება.
რუსული მედიის ცნობით, "ენ-ტე-ვეს" ეთერში გასული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, გივი თარგამაძესა და სერგეი უდალცოვს რუსეთში რევოლუციის ორგანიზება სურთ. მისი მიხედვით, რევოლუცია შესაძლოა, კალინინგრადში დაიწყოს, სადაც რუსეთი დამატებით ჯარებს ვერ გადაისვრის, რადგან ამის გაკეთება ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიის გავლით მოუწევს.
"ენ-ტე-ვეს" მტკიცებით, სერგეი უდალცოვი "ქართველი კურატორებისგან ძალისმიერი აქციების ორგანიზებისთვის თვეში 35 ათას დოლარს იღებს და ეს მხოლოდ დასაწყისია".
ფილმის მიხედვით, საქართველოსთან ლამის მთელი ოპოზიციურად განწყობილი რუსი ჟურნალისტები და ბლოგერები არიან დაკავშირებულნი - ალექსეი ვენედიქტოვი, ევგენია ალბაცი, მიხეილ კოზირევი და რუსტამ ადაგამოვი.
ფილმის ავტორების მტკიცებით, ოპოზიციის მხარდასაჭერად და რევოლუციის მოსაწყობად ფინანსების გაღებისთვის მზად არის "მოსკოვის ბანკის" ყოფილი პრეზიდენტი ანდრეი ბოროდინი. "ანატომია 2"-ის ავტორებმა საქართველოსთან ბოროდინიც დააკავშირეს - მათი მტკიცებით, ბოროდინი მზად არის, საქართველოში საცხოვრებლად გადავიდეს, თუ ლონდონში დარჩენა არ გამოუვა.
კომენტარები