პოლიტიკა
„რუსეთის გამარჯვება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში“
2012-10-03 17:56:11
ჩამოტვირთვა
რუსეთის გამარჯვება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი უცხური გამოცემა “The Wall Street Journal”. სტატიაში ჟურნალისტი წერს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში ჩატარებული არჩევენები, ქვეყნის ისტორიაში, ყველაზე სანდო და კონკურენტული იყო.
“შედეგებმა საერთაშორისო დამკვირვებლები ძალიან გააოცა, ვინაიდან გამარჯვება მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. პროდასავლურმა მიხეილ სააკაშვილის გუნდმა კი ხმების შედარებით მცირე რაოდენობა მიიღო.
„სახელმწიფო მმართველობის დემოკრატიულად გადაცემა საქართველოს დემოკრატიის ნამდვილი ტრიუმფი იყო. თუმცა ამავდროულად, ეს არის მეზობელი ქვეყნის, რუსეთის, გამარჯვებაც, რომელიც საქართველოს ახალი მთავრობის დახმარებით, რეგიონში საკუთარ გავლენას გააძლიერებს.“ - წერს სტატიის ავტორი.
უცხოური გამოცემა წერს, რომ არჩევნების მეორე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანის ბიუსტის ფონზე, აღიარა დამარცხება და გამარჯვებულ პარტიას ახალი მთავრობის ფორმირებაში დახმარებასა და თანამშრომლობას დაპირდა.
ჟურნალისტი ირწმუნება, რომ ქართველი ამომრჩევლის არჩევანზე რუსეთის ფაქტორს გავლენა არ მოუხდენია - ქვეყნის, რომელიც 2008 წელს ქვეყანას თავს დაესხა და ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა.
როგორც ჯეიმს კირჩიკი წერს, მან არჩევნებამდე ქართველების დიდ ნაწილთან ინტერვიუები ჩაწერა. მისი თქმით, არცერთი მოქალაქე არ აღნიშნავდა მიხეილ სააკაშვილის დასავლურ ორიენტაციას, ასევე პრეზიდენტის მიღწევებს, რითაც საქართველო ნატოსა და ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანა გახდა. მოსახლეობის მთავარი უკმაყოფილება არსებული ხელისუფლების მიმართ იყო უმუშევრობა.
„მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ შეძლო დანაშაულის შემცირება, კორუფციის აღმოფხვრა და ქვეყანაში შექმნა ღია სივრცე საერთაშორისო ბიზნესისათვის, სახელმწიფოში სიღარიბის მაჩვენებელი იგივე დარჩა, რაც 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე იყო.“ - წერს ჟურნალისტი.
„საქართველოს სამომავლო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიზეზი მხოლოდ ის არ იქნება, რომ ივანიშვილმა ფული რუსეთში იშოვა. მისი კოალიციის წევრები ავლენენ რუსეთის მიმართ სიახლოვეს და ანტაგონიზმს ამერიკის მიმართ.
სტატიაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის რუსულ ორიენტაციაზე. პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა ბიზნესი 90-იანი წლების რუსეთში მოიწყო, როდესაც პოსტ საბჭოთა ეკონომიკის პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობდა. როგორც კირჩიკი ამბობს, ბუნებრივია, ივანიშვილი ეცდება, რომ საქართველო წარსულში, მოსკოვის გავლენის ქვეშ მოაქციოს.
ივანიშვილმა გასულ წელს, ეკონომისტისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო, რუსეთთან შედარებით, ნაკლებად დემოკრატიული ქვეყანაა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. ამას გარდა, მილიარდერი არასოდეს აკრიტიკებს ვლადიმერ პუტინს, რომელიც საქართველოში მოწონებით არ სარგებლობს.“ - ნათქვამია გამოცემაში.
„სამწუხაროდ, ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიციაში არიან ადმიანები, რომლებიც წარსულში კორუმპირებული პიროვნებები იყვნენ. გუბაზ სანიკიძე, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი და „ქართული ოცნების“ წევრი, 2007 წელს ამბობდა, რომ ის ვინც ნატოს წევრობას საქართველოს მთავარ მიზნად მიიჩნევს, სამშობლოს მოღალატეა. ივანიშვილის გუნდის კიდევ ერთი წევრი, სოსო ჯაჭვლიანი, აცხადებდა, რომ ამერიკასთან 20-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველო განადგურდა და გაპარტახდა.“
უცხოელი ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის სამშაბათს გამართული პრესკონფერენციასაც ეხმაურება და მცირე ანალიზს გვთავაზობს:
„ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის სტრატეგია ქვეყნის ნატოში გაწევრიანება იქნებოდა. თუმცა მისი ეს განცხადება არადამაჯერებლად ჟღერს, როდესაც კოალიციის ლიდერი ირწმუნება, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ნატოსკენ მისწრაფების ფონზეც შეიძლება. მილიარდერი სააკაშვილს აკრიტიკებს იმის გამო, რომ საქართველო ერთერთი გეოპოლიტიკური მოთამაშე გახდა. ივანიშვილი ხალხს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებასაც დაპირდა.“
ჯეიმს კირჩიკი წერს, რომ თუ საქართველო უარს იტყვის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრციაზე, ეს ქვეყნისთვის გამანადგურებელი იქნება.
„ლიბერალური რეფორმები და დემოკრატიული სტანდარტები მოითხოვს დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობას, რაც თავის მხრივ, ევროპელი ხალხისათვის პროდუქტიული და საჭიროა. თუ საქართველო გააგრძელებს დასავლურ კურსს, მალე ქვეყანა დაემსგავსება პოლონეთსა და ჩეხეთს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რომლებიც, დღესდღეობით, ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ. თუ ქვეყანა რუსულ გეზს აიღებს, მაშინ ის დაემსგავსება უკრაინასა და ბელორუსიას, სადაც მძიმე დიქტატურაა დამყარებული.“
სტატიის ბოლოს კი ვკითხულობთ: „ოთხი წლის წინ, რუსეთი შეეცადა, საქართველოს პროდასავლური მთავრობა ქვეყნის მმართველობიდან ჩამოეგდო. ის, რაც კრემლმა ვერ შეძლო ომით, მოახერხა მშვიდობიანი გზით, პოლიტიკური ფიგურის გამოყენებით. მხოლოდ ახლა, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით, შეძლო რუსეთმა გამარჯვების მიღწევა.“
კომენტარები