მსოფლიო
ივანიშვილის პირადი მცველის სკანდალური ჩანაწერების მორიგი სერია
2012-09-28 17:09:47
ჩამოტვირთვა
ბესო სურმავას სახელით ინტერნეტში კიდევ ოთხი ახალი აუდიოჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერებმა, რომლებიც სოციალურ ქსელ Youtube-ზე განთავსდა, კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი იმას თუ როგორი დახვეწილი ლანძღვითა და გინებით მოიხსენებენ და მიმართავენ ერთმანეთს კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლები.
ერთ-ერთი აუდიო ჩანაწერის მიხედვით, გია ხუხაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მეცხრე არხის კონტროლის შესახებ საუბრობენ. საუბრებში ისინი ტელეკომპანიაზე გასული სიუჟეტების შესახებ უკმაყოფილებას გამოხატავენ და მონიტორინგი დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, “მე-9 არხზე” ისეთი სიუჟეტები გადის, როგორსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-იც კი არ აკეთებს.
ჩანაწერიდა ირკვევა, რომ მოსაუბრეები შალვა რამიშვილს უდიერად მოიხსენიებენ და მას ნაძირალას უწოდებენ. ხუხაშვილი და ღარიბაშვილი ლანძღავენ ირაკლი ტრიპოლსკისაც, რომელიც აუდიომასალაში „შტერად“ არის მოხსენიებული.
ვრცელდება კიდევ ერთი ჩანაწერი, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი და ზურა ბიგვავა მაია ფანჯიკიძის შესახებ საუბრობენ და მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
გავრცელდა გუბაზ სანიკიძისა და ირაკლი მელაშვილის დიალოგი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებას ეხება. როგორც საუბარშია ნათქვამი, „ქართული ოცნების“ შიგნით ჩამოუყალიბებელი პოზიციებია და კოალიციის გაძლიერება არავის აინტერესებს, მათ შორის არც „რესპუბლიკელებსა“ და არც ალასანიას გუნდს.
იუთუბზე გავრცელებული კიდევ ერთი ჩანაწერის მიხედვით, რომან კუსიანი და სანდრო ბრეგაძე, კახი კალაძის ქურდებთან შეხვედრის შესახებ საუბრობენ. ჩანაწერებში კუსიანი და ბრეგაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გასულ კადრებზე საუბრობენ, სადაც ქურდებთან შეხვედრა იყო ასახული.
„ქართული ოცნების“ ლიდერების სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები გუშინაც გამოქვეყნდა. ივანიშვილის პირადმა მცველმა, ბესო სურმავამ, ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც ის აცხადებდა, რომ საზოგადოებამ კოალიციის შესახებ სიმართლე უნდა იცოდეს. სურმავას თქმით, უსაფრთხოების სამსახურს პირადად ივანიშვილისგან ჰქონდა დავალებული, რომ თვალ-ყური ედევნებინა კოალიციის ლიდერებისათვის და აუდიოჩანაწერები მოემზადებინა.
კომენტარები