მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი გაეროში - ძირითადი გზავნილები
2012-09-26 12:28:24
ჩამოტვირთვა
რეგიონალური კონფლიქტები, პროგრესი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას თან ახლავს, რუსული სამხედრო წვრთნები და პატიმართა წამება ქართულ ციხეებში - ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რომელიც მიხელ საკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან მიმოიხილა. საქართველოს პრეზიდენტმა 67-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საარჩევნო პროცესსაც შეეხო და ყურადღება იმ ფუნდამენტურ ფასეულობებზე გაამახვილა, რომლებზეც ქართული სახელმწიფოებრიობა დგას.
„მინდა ჩემი იმედი და რწმენა გაგიზიაროთ. რამდენიმე დღეში ყველა რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფი აირჩევს საკუთარ მომავალს ჩვენი ტერიტორიების არაოკუპირებულ ნაწილში. ისინი გამოხატავენ საკუთარ აზრსა და სურვილს, გამოჩნდება ჩვენი ქვეყნის ახალი მომავალი.“
მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა დროული რეაგირება მოახდინოს იმ გარე საფრთხეებზე, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ მეზობლისგან ემუქრება და ყურადღება საქართველოს საზღვრებთან მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე გაამახვილა.
„საქართველოს სარჩევნო კამპანიაში მილიონობით რუსული ფული შემოვიდა. ახლა კიდევ ერთი საფრთხე რუსული ჯარია, რომელიც ცდლობს, რომ ამ პროცესში უკანა ხაზის მოთამაშის ფუნქცია შეითავსოს. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ჩვენს ყველა მოკავშირეს და მეგობარს საერთაშორისო თანამეგობრობის, რომ ნუ დატოვებენ ყურადღების მიღმა ამ მღელვარებით სავსე პროცესებს. მსოფლიო თანამეგობრობას ვთხოვ, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.“
პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დაგმო საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი ძალადობის ფაქტები და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიული ქვეყნის შესაბამისი რეაგირება მოახდინა. მან ვრცლად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა და აღნიშნა, რომ უკვე დაიწყო კიდეც ამ უწყების ძირეული რეფორმირება.
„დავამტკიცებთ, რომ დემოკრატიული პრინციპები და პრაქტიკა ჩვენთვის სიკეთის მომტანია. მე მჯერა ჩემი ხალხის, მე მჯერა საერთაშორისო თანამეგობრობის, რომელიც არ დაუშვებს ჩემი ხალხის არჩევანის განადგურებას. მე აღვნიშნე, რომ დემოკრატია ზოგჯერ რთული და ხმაურიანი სისტემაა. სი უქმნის გამოწვევებს ხელისუფლებას და მის გარეთ მყოფ ადამიანებს. ჩემი ქვეყნის მთავარი დამცველი მისი ღიაობა და გამჭვირვალეობაა. “
საქართველოს პრეზიდენტმა, ნიუ-იორკში, გაეროს ასამბლეის სესიის პარალელურად შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პირველ პირებთან გამართა. საუბრის მთავარი თემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, განხორციელებული რეფორმები და მოახლოებული არჩევნები იყო. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ ღიად გამოხატეს არსებული კურსისადმი მხარდაჭერა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.
ქვეყნის პირველმა პირმა ევროკავშირის პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპეისთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული მოლაპარაკების შედეგად, ქვეყნის მოქალაქეებს უახლოეს მომავალში ევროპაში უვიზო მიმოსვლის საშუალება, მეწარმეებსა და ფერმერებს კი საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ბაჟის გარეშე შეეძლეებათ.
ნიუ-იორკში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილმა პირისპირ შეხვედრები გამართა პოლონეთის პრეზიდენტთან ბრონისლავ კომაროვსკისთან და დომენიკის რესპუბლიკის პირველ პირთან დანილა მედინა სანჩესთან. საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობა, რეგიონალური უსაფრთხოება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. მხარეები ასევე შეეხნენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, კერძოდ, ჩრდილოეთ მეზობლისგან მომდინარე საფრთხეებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთი კვლავ ცდილობს სხვადასხვა მეთოდით მოიპოვოს სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
კომენტარები